საბერძნეთში წვიმა მოვიდა და ცეცხლის ყველა კერას უკვე მეხანძრეები აკონტროლებენ
13/08/2021 12:06:51 მსოფლიო
საბერძნეთში, სადაც დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში ტყის ხანძრები მძვინვარებდა, წვიმა მოვიდა.
როგორც ქვეყნის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, წვიმის წყალობით ამჟამად ცეცხლის ყველა კერას მეხანძრეები აკონტროლებენ.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში ხანძრის აქტიური კერა აღარ ფიქსირდება. თუმცა საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრების გაღვივების საშიშროება კვლავ რჩება ათენის ჩრდილოეთით, კუნძულ ევიასა და პელოპონესში, რადგან შაბათ–კვირას სინოპტიკოსები ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

"დღეს მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. თუმცა ჯერ აგვისტოს შუა რიცხვებია და წინ კვლავ ცხელი დღეები გველის", – განაცხადა პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
საბერძნეთს ცეცხლის ქრობის პროცესში დასახმარებლად სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა 20–ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, კატარმა, ქუვეითმა და აშშ–მა გაუგზავნეს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. მამაკაცი, რომელიც ტყეში ბულდოზერით მუშაობდა, კლდიდან გადავარდა. მანამდე 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. კიდევ ერთი მსხვერპლი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კონსტანტინო მიხალოსია, რომელიც ერთ–ერთ ქარხანაში დამწვარი იპოვეს.
ცეცხლმა გაანადგურა, მათ შორის სახლები, ავტომობილები, ცხოველები და ზეთისხილის ბაღები.
ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში ტყის ხანძრების გაჩენიდან დღემდე (ივლისის ბოლოდან დღემდე) 60 000–ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ივლისის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში ხანძრის 600–ზე მეტი კერა გაჩნდა. ცეცხლმა ყველაზე მეტად ათენის ჩრდილოეთ ნაწილი, კუნძულ ევია და პელოპონესი დააზიანა.
10 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ დანგრეული ან დაზიანებული სახლების მფლობელები მიიღებენ 150,000 ევრომდე (176,000 აშშ დოლარი) სახელმწიფო კომპენსაციას, გადახდები მომავალი კვირიდან დაიწყება. მისივე თქმით, სახელმწიფო დაზარალებულ ბიზნესსა და ფერმერებსაც დაეხმარება.


