"თალიბანი" ქაბულს უახლოვდება, ღაზნის შემდეგ თალიბებმა ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი აიღეს
12/08/2021 17:55:05 მსოფლიო
"თალიბანმა" ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი აიღო. ჰერათი რიგით მე–11 რეგიონული დედაქალაქი გახდა, რომელსაც თალიბები აკონტროლებენ.
მანამდე, "თალიბანმა" ქაბულიდან 150 კილომეტრში მდებარე სტრატეგიული ქალაქი ღაზნი დაიკავა. ღაზნის დაკავებას "თალიბანისთვის" სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ავღანეთის დედაქალაქს ქვეყნის სამხრეთთან აკავშირებს. ამის შემდეგ თალიბები შეტევებს სავარაუდოდ, ქვეყნის სამხრეთში კიდევ უფრო გაააქტიურებენ.
"თალიბანი" თითქმის ყოველდღიურად იკავებს ახალ ტერიტორიებს, მას შემდეგ რაც 20–წლიანი ოპერაციების შემდეგ აშშ-მა და სხვა უცხოურმა ჯარებმა ქვეყანა დატოვეს.
"თალიბანი" ახლა აკონტროლებს ავღანეთის რეგიონალური ქალაქების მესამედს, რაც დამანგრეველი დარტყმაა სამთავრობო ძალებისთვის.
შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების შეფასებით, ქაბული თალიბების თავდასხმის სამიზნე შესაძლოა, დაახლოებით, ერთ თვეში გახდეს. მისივე პროგნოზით, თუ ბრძოლების დღევანდელი ტემპი შენარჩუნდება ავღანეთი შესაძლოა, "თალიბანის" სრული კონტროლის ქვეშ დაახლოებით 3 თვეში მოექცეს.
"თალიბანის" დაწინაურებასთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩნდება ეჭვი, რომ თალიბები ქვეყანაში შარიათის კანონს დააბრუნებენ. გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ თუ "თალიბანი" ავღანეთზე კონტროლს დაამყარებს და ქვეყანაში შარიათის კანონს აამოქმედებს, მაშინ ბერლინი ავღანეთს ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს.


