მსხვერპლი, ასობით ევაკუირებული, დატბორილი საავადმყოფო, უშუქოდ დარჩენილი 271 სოფელი – თურქეთში წყალდიდობა გრძელდება (ვიდეო)
12/08/2021 16:46:50 მსოფლიო
თურქეთს ხანძრების პარალელურად წყალდიდობაც უტევს. კერძოდ, ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ ნაწილში 2 კვირაზე მეტია, ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობაა.
ძლიერმა წვიმის შედეგად წყალდიდობაა ბარტინის, კასტამონუს, სინოპისა და სამსუნის პროვინციებში. სტიქიამ 10 ადამიანი კასტამონუსში, 1 პირი სინოპში იმსხვერპლა. პარალელურად, გრძელდება დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები. დატბორილია ქუჩები, დანგრეულია ხიდები, საავტომობილო გზები, მოვარდნილმა წყალმა უამრავი ავტომობილი წაიღო.
ოთხივე პროვინციიდან ასობით ადამიანია ევაკუირებული. სინოპში მდებარე საავადმყოფო დატბორილია. განხორციელდა პაციენტების ევაკუაცია.

დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ბარტინის, კასტამონუსა და სინოპის 271 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმები გაგრძელდება.
დღეს სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ.


