NDI – გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ COVID-19-ის ვაქცინას არ გაიკეთებს
12/08/2021 09:37:49 საზოგადოება
NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ COVID-19-ის საინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება, ხოლო 35% აიცრებოდა. გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ უკვე აიცრა, 11% კი აცხადებს, რომ არ იცის.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ აიცრებოდით, გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს, 20% აცხადებს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო, 13% აცხადებს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდებიან კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, 2% აცხადებს, რომ ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგია.
ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობები ყველაზე მაღალი 18-34 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ამ კომპონენტში აცრას გამოკითხულთა 56% არ აპირებს და მხოლოდ 31%-ია თანახმა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ვაქცინაციის სასარგებლოდ 55 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაშია, სადაც გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ აიცრება 39% კი – არა.
NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.


