NDI – გამოკითხულთა უმეტესობა განათლების სისტემის ყველაზე დიდ გამოწვევად ონლაინ სწავლებას ასახელებს
12/08/2021 09:20:53 საზოგადოება
NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში გამოკითხულ მოქალაქეთა უმეტესობა განათლების სისტემის ყველაზე დიდ გამოწვევად ონლაინ სწავლებას ასახელებს.
კვლევაში მონაწილე პირებს ჰკითხეს, რას არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა. პასუხების თანახმად, ყველაზე დიდ პრობლემად მოქალაქეებმა ონლაინ სწავლება დაასახელეს (27%), შემდეგ მოდის მასწავლებელთა/ლექტორთა დაბალი კვალიფიკაცია, პრობლემებს შორის მესამე ადგილი (9%) კი უნივერსიტეტში სწავლის საფასურს უჭირავს.
ამასთან, 27% ამბობს, რომ არ იცის რა არის მთავარი პრობლემა, 11% კი აცხადებს, რომ განათლების სისტემაში საერთოდ არ არის პრობლემები.
NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.


