"გვიწევს პაციენტების გადარჩევა, უნდა გაკეთდეს საველე ჰოსპიტლები, სხვა გამოსავალი არაა"
12/08/2021 08:20:23 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლები აუცილებელია.
მისი თქმით, სამედიცინო სექტორი უკვე კრიზისულ მდგომარეობაშია:
„როცა უკვე საველე ჰოსპიტალებზეა ლაპარაკი. უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია ინფიცირებული".
ზედიზედ მესამე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5128 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 310 პირი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების 466 326 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 412 420 პირი გამოჯანმრთელდა, 6279 პაციენტი გარდაიცვალა.


