თურქეთს ხანძრების პარალელურად წყალდიდობაც უტევს (ვიდეო)
12/08/2021 07:47:01 მსოფლიო
თურქეთს ხანძრების პარალელურად წყალდიდობაც უტევს. კერძოდ, ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ ნაწილში 2 კვირაზე მეტია, ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობაა.
ძლიერმა წვიმის შედეგად წყალდიდობაა ბარტინის, კასტამონუს, სინოპისა და სამსუნის პროვინციებში. დატბორილია ქუჩები, დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ხალხი გადასარჩენად შენობების სახურავებზე ავიდა – მათი ტერიტორიიდან გამოყვანის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


"წყალდიდობას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა და არიან დაკარგულები", – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. თუმცა მას დაკარგულების ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.

ამასთან, მან ხსენებულ პროვინციებში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მეწყერის რისკი გრძელდება და მოუწოდა ხალხს, თავი აარიდონ რეგიონის მაგისტრალებზე მოგზაურობას.
ყველაზე მეტად დაზარალდა კასტამონუს პროვინციაა დაზარალებული. სადაც მეწყერიც ჩამოწვა.

”ევაკუაცია და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება", – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ, რომელიც ცოტა ხნის წინ კასტამოუნში გაემგზავრა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმები გაგრძელდება.
რაც შეეხება თურქეთის სამხრეთ ნაწილში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ ბექირ პაკდემირლის განცხადებით, ამჟამად ხანძრის სამი კერა რჩება აქტიური, ხოლო ცეცხლის 285 კერას უკვე აკონტროლებენ. მისივე თქმით, სამივე აქტიური კერა მუღლას პროვინციაშია.

ანკარას ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ტექნიკითა და ცოცხალი ძალით ქუვეითი, აზერბაიჯანი, ესპანეთი, ხორვატია, ირანი, კატარი, რუსეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ კვიპროსი ეხმარებიან.
ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.


