ფართოვდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც საბერძნეთს ცეცხლის ქრობის პროცესში ეხმარებიან (ვიდეო)
12/08/2021 06:32:23 მსოფლიო
საბერძნეთი ცეცხლის ალშია გახვეული. თანდათან ფართოვდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც ქვეყანას ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ეხმარებიან. კერძოდ, მათ რიგებს კატარი და ქუვეითიც შეუერთდნენ.
ამ დროისთვის საბერძნეთში სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა 20–ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ–მა გაუგზავნეს.
ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრების გავრცელება დიდწილად შეჩერებულია, მაგრამ ხანძრის ყველაზე აქტიური კერების კვლავ რჩება კუნძულ ევიაზე და სამხრეთ პელოპონესის რეგიონში.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. მამაკაცი, რომელიც ტყეში ბულდოზერით მუშაობდა, კლდიდან გადავარდა. მანამდე 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. კიდევ ერთი მსხვერპლი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კონსტანტინო მიხალოსია, რომელიც ერთ–ერთ ქარხანაში დამწვარი იპოვეს.
ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში ტყის ხანძრების გაჩენიდან დღემდე (ივლისის ბოლოდან დღემდე) 60 000–ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

![]()
დაშავებულია 20–ზე მეტი პირი. მათგან 2 მეხანძრე სხეულის მძიმე დამწვრობებით არის ჰოსპიტალიზებული.
ოფიციალური ინფორმაციით, ივლისის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში ხანძრის 600–ზე მეტი კერა გაჩნდა.
სინოპტიკოსების მიმდინარე კვირაში საბერძნეთში ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას (+46°C) პროგნოზირებენ.
10 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ დანგრეული ან დაზიანებული სახლების მფლობელები მიიღებენ 150,000 ევრომდე (176,000 აშშ დოლარი) სახელმწიფო კომპენსაციას, გადახდები მომავალი კვირიდან დაიწყება. მისივე თქმით, სახელმწიფო დაზარალებულ ბიზნესსა და ფერმერებსაც დაეხმარება.
მანამდე, მან ბოდიში მოიხადა ტყის ხანძრების ჩაქრობისას გამოვლენილი ჩავარდნისთვის:
„მე სრულად მესმის ჩვენი თანამოქალაქეების ტკივილი, რომლებმაც იხილეს, როგორ იწვებოდა მათი სახლები ან ქონება. პრიორიტეტი სიცოცხლის გადარჩენაა. აშკარაა, რომ კლიმატის კრიზისი გავლენას ახდენს მთელ პლანეტაზე. ეს ახსნა-განმარტებაა, მაგრამ ეს არ არის გამართლება, ან ალიბი. ჩვენ შეიძლება ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ადამიანურად შესაძლებელი იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევებში, ეს ბუნებასთან არათანაბარ ბრძოლაში საკმარისი არ აღმოჩნდა“.
ამასთან, მან განაცხადა, რომ საბერძნეთის ხანძარსაწინააღმდეგო რეაგირების სისტემაში ნებისმიერი ჩავარდნა გამოვლინდება, პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ.


