ევროპაში პირველად, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 48.8°C იტალიაში დაფიქსირდა – "ტყის ხანძრები მძვინვარებს, ვკარგავთ ისტორიას, ჩვენი იდენტობა იფერფლება"
12/08/2021 05:38:06 მსოფლიო
იტალიის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრები მძვინვარებს. დამწვარია ათასობით ჰექტარი ფართობი. ცეცხლმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები. განხორციელდა ასობით ადამიანის ევაკუაცია. ყველაზე მეტად სიცილია, კალაბრია და სარდინია დაზარალდა.

კალაბრიაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა და 76 წლის მამაკაცი იმსხვერპლა.
"ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ისტორიას, ჩვენი იდენტობა იფერფლება, ჩვენი სული იწვის", - განაცხადა კალაბრიის მერმა ჯუზეპე ფალკომატამ.
ევროპაში პირველად, ჰაერის რეკორდული ტემპერატურა იტალიაში დაფიქსირდა. კერძოდ, სიცილიაზე, ქალაქ ფლორიდიაში გუშინ შუადღით 48.8°C იყო.
ხანძრებს ქრობის პროცესში როგორც მეხანძრეები, ისე სპეცთვითმფრინავები არიან ჩართულნი.

"ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ რეაგირება ამ საგანგებო სიტუაციაზე და დაუყოვნებლივ უნდა დავეხმაროთ მათ, ვინც ყველაფერი დაკარგა", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტეფანო პატუანელმა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა (+46°C) იტალიაში, საბერძნეთსა და მალტაზე დაფიქსირდება.


