რუსი დაქირავებული მეომრების როლი ლიბიაში – BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება
11/08/2021 13:39:41 მსოფლიო
BBC–მ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა ლიბიაში რუსი დაქირავებული მეომრების („ვაგნერი“) როლზე, მათ შორის „ვაგნერის“ სამხედრო დანაშაულებებსა და რუსეთის სამხედრო უწყებებთან მის კავშირებზე.
"ვაგნერის“ ერთ-ერთი წევრის მიერ 2020 წელს ტრიპოლის სამხრეთით, ბრძოლის ველზე დატოვებული Samsung-ის პლანშეტი შეიცავს ფრონტის ხაზის რუკებს რუსულ ენაზე", – იუწყება BBC.
მისივე ცნობით, გამოცემამ მოიპოვა შესასყიდი შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის სია, რომელსაც 2020 წლის იანვრით დათარიღებული დოკუმენტი შეიცავს.
"მათში ნახსენებია ოთხი ტანკი, „კალაშნიკოვის“ ტიპის ასობით ავტომატი, რადარის სისტემა და სხვა აღჭურვილობა, რაც, ექსპერტების თქმით, მხოლოდ რუსეთის არმიის სამხედრო არსენალიდან შეიძლება მომდინარეობდეს. შეიარაღების სია მიანიშნებს კავშირზე დიმიტრი უტკინთან – რუსეთის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, "ვაგნერის" დამაარსებელია. ითვლება, რომ "ვაგნერს" არაპირდაპირი კავშირი აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან და მას აკონტროლებს ევგენი პრიგოჟინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია", – წერს BBC.
BBC–ს ცნობით, გამოცემის ჟურნალისტთან "ვაგნერის" ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა აღიარა ჯგუფის წევრების მიერ პატიმრების მკვლელობის ფაქტები".
"არავის სურს, ზედმეტი პირის გამოკვება", - ციტირებს გამოცემა ჯგუფის ყოფილ წევრს.
როგორც BBC იუწყება, იგი დაკავშირებულმა პრიგოჟინის სპიკერს, რომელმაც გამოცემას განუცხადა, რომ "პრიგოჟინს არანაირი კავშირი არ აქვს "ვაგნერთან" და არ სმენია ლიბიაში რუსების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ".
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი", – დასძინა მან.
BBC–ის ცნობით, იგი ასევე დაუკავშირდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ლავროვის უწყებაში გამოცემას განუცხადეს, რომ "ცნობები ლიბიაში "ვაგნერის" როლის შესახებ ემყარება გაყალბებულ მონაცემებს და მიზნად ისახავს ლიბიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაციას".
როგორც გამოცემა იუწყება, "ვაგნერი" პირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა 2014 წელს, როდესაც იგი აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლებში პრორუსულ სეპარატისტებს უჭერდა მხარს. მოგვიანებით, იგი გამოჩნდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია, ლიბია, მოზამბიკი, სუდანი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. "ვაგნერი" კრემლის კერძო სამხედრო კონტრაქტორი ფირმაა. ვლადიმირ პუტინი და ევგენი პრიგოჟინი მებრძოლებთან კავშირს ყოველთვის უარყოფენ.


