თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება „ალმამ“ მოიპოვა
11/08/2021 09:59:35 საზოგადოება
თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა.
მისი თქმით, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა, საბოლოოდ კი 15- წლიანი უფლება ორ ლოტად, 34 მლნ ლარად გაიყიდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს თანხა მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში უნდა მიიღოს კომპანიისგან.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს "ალმას" 100%-იანი წილის მფლობელია მალტაში რეგისტრირებული კომპანია Meridian Malta LTD, C88262.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, Meridian Malta-ს საბოლოო ბენეფიციარები, ანუ რეალური მფლობელები, ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ ფხაკაძე (50% წილი) არიან. ორგანიზაციის ცნობით, „ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში.
„ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. 2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20 წლიანი ექსკლუზიური უფლება შეიძინა. 2002 წლიდან იგი ფლობს მაღალტექნოლოგიურ სტამბასაც“, – აცხადებს TI.


