მსხვერპლი, ჰოსპიტალიზებული მეხანძრეები, 60 000–ზე მეტი ევაკუირებული, ცეცხლის ახალი კერები – საბერძნეთი ცეცხლის ალშია გახვეული
11/08/2021 08:20:45 მსოფლიო
მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის საბერძნეთი ცეცხლის ალშია გახვეული.

ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა კუნძულ ევიაზეა, საიდანაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლმა კუნძულის ნახევარი მთლიანად გაანადგურა.

თუმცა, გუშინ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა – პელოპონესის რეგიონში ხანძრის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა. რეგიონში 20-ზე მეტი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა.

კიდევ ერთი ცხელი წერილი ათენის ჩრდილოეთით არის, საიდანაც ასევე განხორციელდა მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია. დედაქალაქის ჩრდილოეთით ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. კვამლი ათენის მიმართულებით გადაადგილდება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. მამაკაცი, რომელიც ტყეში ბულდოზერით მუშაობდა, კლდიდან გადავარდა. მანამდე 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. კიდევ ერთი მსხვერპლი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კონსტანტინო მიხალოსია, რომელიც ერთ–ერთ ქარხანაში დამწვარი იპოვეს.
ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში ტყის ხანძრების გაჩენიდან დღემდე (ივლისის ბოლოდან დღემდე) 60 000–ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
დაშავებულია 20–ზე მეტი პირი. მათგან 2 მეხანძრე სხეულის მძიმე დამწვრობებით არის ჰოსპიტალიზებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ივლისის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში ხანძრის 600–ზე მეტი კერა გაჩნდა.
საბერძნეთს ტყის ხანძრების ქრობის პროცესში სპეცტექნიკითა და ცოცხალი ძალით 20–ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და აშშ ეხმარებიან.

სინოპტიკოსების მიმდინარე კვირაში საბერძნეთში ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას (+46°C) პროგნოზირებენ.
გუშინ პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ დანგრეული ან დაზიანებული სახლების მფლობელები მიიღებენ 150,000 ევრომდე (176,000 აშშ დოლარი) სახელმწიფო კომპენსაციას, გადახდები მომავალი კვირიდან დაიწყება. მისივე თქმით, სახელმწიფო დაზარალებულ ბიზნესსა და ფერმერებსაც დაეხმარება.
მანამდე, მან ბოდიში მოიხადა ტყის ხანძრების ჩაქრობისას გამოვლენილი ჩავარდნისთვის:
„მე სრულად მესმის ჩვენი თანამოქალაქეების ტკივილი, რომლებმაც იხილეს, როგორ იწვებოდა მათი სახლები ან ქონება. პრიორიტეტი სიცოცხლის გადარჩენაა. აშკარაა, რომ კლიმატის კრიზისი გავლენას ახდენს მთელ პლანეტაზე. ეს ახსნა-განმარტებაა, მაგრამ ეს არ არის გამართლება, ან ალიბი. ჩვენ შეიძლება ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ადამიანურად შესაძლებელი იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევებში, ეს ბუნებასთან არათანაბარ ბრძოლაში საკმარისი არ აღმოჩნდა“.
ამასთან, მან განაცხადა, რომ საბერძნეთის ხანძარსაწინააღმდეგო რეაგირების სისტემაში ნებისმიერი ჩავარდნა გამოვლინდება, პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ.


