მსხვერპლი, მათ შორის ტყის ხანძრების ქრობის სამუშაოებში ჩართული ათობით ჯარისკაცი – რა ხდება ალჟირში
11/08/2021 07:20:37 მსოფლიო
ალჟირში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ამ დროისთვის ქვეყნის 17 რეგიონში ცეცხლის 100–ზე მეტი კერა ფიქსირდება.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ცეცხლს 42 ადამიანი, მათ შორის 25 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ჯარისკაცები ხანძრების ქრობის სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი. დანარჩენი გარდაცვლილი პირები რიგითი მოქალაქეები არიან.
ალჟირის პრეზიდენტ აბდელმაჯიდ ტებუნის განცხადებით, ჯარისკაცებმა 100–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს კაბილიას რეგიონში, სადაც ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა. დაშავებულია 11 ჯარისკაცი, რომელთაგან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, ცეცხლმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები.

ჩრდილოეთ ალჟირის ტყეებში ორშაბათს რამდენიმე ხანძარი ერთდროულად გაჩნდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კამელ ბელჯუდმა განაცხადა, რომ დაახლოებით 50 ხანძარი გარკვეულმა პირებმა განგებ გააჩინეს.
მეხანძრეები და არმია ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
სინოპტიკოსები ქვეყანაში ჰაერის მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ. მათი ცნობით, დღეს ქვეყანაში +46ºC იქნება.


