Accentnews.ge
ქვეყნები, სადაც ამ დროისთვის მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს

ქვეყნები, სადაც ამ დროისთვის მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს

10/08/2021 09:57:53 მსოფლიო

მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანა ტყის ხანძრებს ებრძვის. ამ დროისთვის ყველაზე რთული ვითარება საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, რუსეთში, აშშ–სა და კანადაშია.

საბერძნეთი

ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა კუნძულ ევიაზეა, საიდანაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წუხელ კუნძულის კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობას მოუწოდეს ტერიტორიის დატოვებისკენ.

"ვფიქრობ, ეს გადამწვარი ტერიტორია აღარასოდეს აღდგება. ეს არის ჰოლოკოსტი. ყველა სოფელი, მთელი ტერიტორია ცეცხლმა გაანადგურა. ერთი რაც შეგვიძლია, დღეს ვთქვათ არის ის, რომ გაგვიმართლა, რომ ცოცხლები ვართ", – განაცხადა ევიას სოფელ მონოკარიას პრეზიდენტმა კლელია დიმიტრაკმა.

ამ დროისთვის კუნძულზე ხანძარს 650 მეხანძრე აქრობს.

მორიგი რთული ვითარება ათენის ჩრდილოეთით არის, საიდანაც ასევე განხორციელდა მოსახლეობს მასობრივი ევაკუაცია. დედაქალაქის ჩრდილოეთით ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. კვამლი ათენის მიმართულებით გადაადგილდება.

გუშინ სტიქიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ მამაკაცი, რომელიც ტყეში ბულდოზერით მუშაობდა, კლდიდან გადავარდა. მანამდე 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. კიდევ ერთი მსხვერპლი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კონსტანტინო მიხალოსია, რომელიც ერთ–ერთ ქარხანაში დამწვარი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ივლისის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში დაახლოებით 580 ხანძრის კერა გაჩნდა. საბერძნეთს ტყის ხანძრების ქრობის პროცესში სპეცტექნიკითა და ცოცხალი ძალით 20–ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და აშშ ეხმარებიან.

თურქეთი

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის 2 აქტიური კერა რჩება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლმა განაცხადა, ამჟამად ხანძრის აქტიური კერები კოიცეგიზსა და მილასში ფიქსირდება.

მე–14 დღეა, თურქეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ანკარას ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ტექნიკითა და ცოცხალი ძალით ქუვეითი, აზერბაიჯანი, ესპანეთი, ხორვატია, ირანი, კატარი, რუსეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ კვიპროსი ეხმარებიან.

ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.

იტალია

ტყის ხანძრები მძვინვარებს იტალიის სამხრეთ ნაწილში. ყველაზე მეტად სიცილია და სარდინია დაზარალდა. განხორციელდა ასობით ადამიანის ევაკუაცია. დამწვარია 10 000 ჰექტარი ფართობი.

რუსეთი

ციმბირში ცეცხლის 155 კერა დაფიქსირდა. ცეცხლმა გაანადგურა არაერთი შენობა. რეგიონიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.

ისტორიაში პირველად, ციმბირის ტყის ხანძრების კვამლმა ჩრდილოეთ პოლუსს მიაღწია.

აშშ

სტიქიას ებრძვიან შეერთებულ შტატებშიც. მეხანძრეები ჩრდილოეთ კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი დაახლოებით, 1 875 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა გავრცელებული.

კალიფორნიის სატყეო და სახანძრო დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ხანძრის მხოლოდ 21%–ია ლიკვიდირებული. ცეცხლმა ნიუ –იორკის ფართობზე ორჯერ მეტი ტერიტორია გაანადგურა.

კანადა

ბრიტანეთის კოლუმბიის მასშტაბით ხანძარი კვლავ მძვინვარებს, მიუხედავად შაბათ -კვირის განმავლობაში მოსული წვიმისა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ კვირას პროვინციაში ცეცხლის 279 კერა დაფიქსირდა, განხორციელდა ასობით ადამიანის ევაკუაცია.

ბრიტანულ კოლუმბიაში გაზაფხულის შემდეგ ტყის თითქმის 5 800 კვადრატული კილომეტრი ფართობი დაიწვა.

სინოპტიკოსების არადამაიმედებელი პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირის შუა რიცხვებში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა (+46°C) იტალიაში, საბერძნეთსა და მალტაზე დაფიქსირდება.

ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს (შაბათსა და კვირას) +46°C იქნება ესპანეთსა და პორტუგალიაშიც.

როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ, ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ტყის ხანძრებისთვის.

გაერო–ს გამაფრთხილებელი ანგარიში კლიმატის ცვლილებებზე

გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალი და შეუქცევადია და ეს "ცალსახად ადამიანთა მოქმედების შედეგია".

დოკუმენტის თანახმად, ატმოსფეროში სათბურის გაზების ეფექტი იმდენად მაღალია, რომ კლიმატის ცვლილებები გარანტირებულია, სულ მცირე, ათწლეულების განმავლობაში. მისივე ცნობით, დაახლოებით 2030 წლისთვის, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონეს 1,5 ან 1,5 გრადუსი ცელსიუსით გადააჭარბებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თუ საშუალო გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, 21-ე საუკუნის ბოლოს ოკეანის დონე ნახევარი მეტრით აიწევს, ხოლო 2300 წლისთვის – თითქმის ორი მეტრით. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია იმაზე, რასაც IPCC 2019 წელს პროგნოზირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S