
საქართველომ რუსეთს "კოსი" გადასცა
10/08/2021 09:13:51 პოლიტიკა, სამართალი
საქართველომ რუსეთს 34 წლის ალექსეი ლენივცევი, მეტსახელად "კოსი" გადასცა.
ქართულმა სასამართლომ ლენივცევის დეპორტირების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში მიიღო.
"კოსი" ირკუტსკის მთავარ სექს-ბიზნესმენად ითვლებოდა.
«ლენივცევის გეგმაში იყო, ირკუტსკში პროსტიტუციის მთელს ბაზარზე დაემყარებინა კონტროლი. ამ მიზნით მან ძალოვანი ბლოკიც ჩამოაყალიბა ყოფილი მსჯავრდებულების მონაწილეობით», – ასე აღწერს ირკუტსკელი სუტინიორის გეგმებს ადგილობრივი გამომძიებელი ოლგა აკსამენტოვა.
ლენივცევის აქტიური კრიმინალური საქმიანობის პერიოდი 2016-2019 წლებია. მაშინ იგი ოლქის შესაბამისი ტიპის ყველა დაწესებულების თავის კონტროლს დაქვემდებარებას შეეცადა. გარკვეული დროის შემდეგ «კოსის ბრიგადა» ქალაქის ყველა საუნასა და სასტუმროს აკონტროლებდა.
სისხლის სამართლის პირველი საქმე 2019 წელს – პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის ფაქტზე აღიძრა. მასში 16 ეჭვმიტანილი ფიგურირებდა. თუმცა თავად ლენივცევმა და ორმა მისმა სავარაუდო თანამზრახველმა მიმალვა მოახერხეს.
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ბათუმში დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით იძებნებოდა და რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაში იყო ბრალდებული, მათ შორის - დანაშაულებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბება-ხელმძღვანელობაში; ადამიანებით ვაჭრობაში, გამოძალვაში, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩათრევაში, არასრულწლოვანის მიმართ ამორალურ, მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიმყენებელ ქმედებებში.
როგორც ირკვევა, ლენივცევი საქართველოში 2020 წლიდან ცხოვრობდა.