"ეს არის ჰოლოკოსტი" – საბერძნეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
10/08/2021 06:24:54 მსოფლიო
საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა კუნძულ ევიაზეა, საიდანაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წუხელ კუნძულის კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობას მოუწოდეს ტერიტორიის დატოვებისკენ.

"ვფიქრობ, ეს გადამწვარი ტერიტორია აღარასოდეს აღდგება. ეს არის ჰოლოკოსტი. ყველა სოფელი, მთელი ტერიტორია ცეცხლმა გაანადგურა. ერთი რაც შეგვიძლია, დღეს ვთქვათ არის ის, რომ გაგვიმართლა, რომ ცოცხლები ვართ", – განაცხადა ევიას სოფელ მონოკარიას პრეზიდენტმა კლელია დიმიტრაკმა.
ამ დროისთვის კუნძულზე ხანძარს 650 მეხანძრე აქრობს.

მორიგი რთული ვითარება ათენის ჩრდილოეთით არის, საიდანაც ასევე განხორციელდა მოსახლეობს მასობრივი ევაკუაცია. დედაქალაქის ჩრდილოეთით ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. კვამლი ათენის მიმართულებით გადაადგილდება.
![]()
გუშინ სტიქიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ მამაკაცი, რომელიც ტყეში ბულდოზერით მუშაობდა, კლდიდან გადავარდა. მანამდე 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. კიდევ ერთი მსხვერპლი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კონსტანტინო მიხალოსია, რომელიც ერთ–ერთ ქარხანაში დამწვარი იპოვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ივლისის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში დაახლოებით 580 ხანძრის კერა გაჩნდა. საბერძნეთს ტყის ხანძრების ქრობის პროცესში სპეცტექნიკითა და ცოცხალი ძალით 20–ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და აშშ ეხმარებიან.

გუშინ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ბოდიში მოიხადა ტყის ხანძრების ჩაქრობისას გამოვლენილი ჩავარდნისთვის.
„მე სრულად მესმის ჩვენი თანამოქალაქეების ტკივილი, რომლებმაც იხილეს, როგორ იწვებოდა მათი სახლები ან ქონება. პრიორიტეტი სიცოცხლის გადარჩენაა. აშკარაა, რომ კლიმატის კრიზისი გავლენას ახდენს მთელ პლანეტაზე. ეს ახსნა-განმარტებაა, მაგრამ ეს არ არის გამართლება, ან ალიბი. ჩვენ შეიძლება ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ადამიანურად შესაძლებელი იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევებში, ეს ბუნებასთან არათანაბარ ბრძოლაში საკმარისი არ აღმოჩნდა“, - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ საბერძნეთის ხანძარსაწინააღმდეგო რეაგირების სისტემაში ნებისმიერი ჩავარდნა გამოვლინდება, პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ, ხოლო ადამიანები, რომელთა ქონება განადგურდა, კომპენსაციას მიიღებენ.

ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ზედმიწევნით გაითვალისწინონ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები.
როგორც დიპლომატირუი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793.
“ძვირფასო თანამემამულეებო! არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები:
მოერიდეთ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. მოერიდეთ არამიზნობრივ გადაადგილებას. თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793. შეგახსენებთ აგრეთვე შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სასწრაფო დახმარება - 166“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


