ათასობით ევაკუირებული მოქალაქე, მძვინვარე ცეცხლი და სინოპტიკოსების არადამაიმედებელი პროგნოზი – საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან
09/08/2021 18:24:16 მსოფლიო
საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა ათენის ჩრდილოეთით და კუნძულ ევიაზეა. ათენის ჩრდილოეთით ტყის მასივში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. კვამლი ათენის მიმართულებით გადაადგილდება.

რაც შეეხება კულძულ ევიას, ამ დრომდე კუნძულიდან 2600–ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თუმცა მედიის ცნობით, ლოკალიზებული ცეცხლის კერები დღეს ისევ გაღვივდა და ამჟამად ხანძარი ქალაქ ისტაიასკენ მიემართება, სადაც 7000–მდე პირი ცხოვრობს.

სინოპტიკოსები არადამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ. მათი ცნობით, დღეიდან ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და ქარიც გაძლიერდება.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთმა ტყის ხანძრების ქრობის პროცესში დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. ამჟამად ათენს ცეცხლის ქრობის სამუშაოებში დაახლოებით 20 ქვეყანა ეხმარება.
სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. მეორე მსხვერპლი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კონსტანტინო მიხალოსია, რომელიც ერთ–ერთ ქარხანაში დამწვარი იპოვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი.

ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ზედმიწევნით გაითვალისწინონ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები.
როგორც დიპლომატირუი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793.
“ძვირფასო თანამემამულეებო! არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები:
მოერიდეთ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. მოერიდეთ არამიზნობრივ გადაადგილებას. თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793. შეგახსენებთ აგრეთვე შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სასწრაფო დახმარება - 166“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


