გაერო – კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალი და შეუქცევადია
09/08/2021 13:01:34 მსოფლიო
გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალი და შეუქცევადია და ეს "ცალსახად ადამიანთა მოქმედების შედეგია".
დოკუმენტის თანახმად, ატმოსფეროში სათბურის გაზების ეფექტი იმდენად მაღალია, რომ კლიმატის ცვლილებები გარანტირებულია, სულ მცირე, ათწლეულების განმავლობაში. მისივე ცნობით, დაახლოებით 2030 წლისთვის, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონეს 1,5 ან 1,5 გრადუსი ცელსიუსით გადააჭარბებს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თუ საშუალო გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, 21-ე საუკუნის ბოლოს ოკეანის დონე ნახევარი მეტრით აიწევს, ხოლო 2300 წლისთვის – თითქმის ორი მეტრით. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია იმაზე, რასაც IPCC 2019 წელს პროგნოზირებდა.
ამასთან, IPCC–ს წინა მოხსენებებისგან განსხვავებით, ახალი მოხსენება გაცილებით მეტ მონაცემს მოიცავს მეთანის (CH4) შესახებ. მეცნიერების თქმით, თუ მისი გამოყოფა არ შემცირდება, პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება.
ცნობისთვის: პარიზის შეთანხმება 2015 წლის დეკემბერში გაფორმდა, მას 197-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიზანს 2100 წლისთვის პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის 2 გრადუსზე (ცელსიუსის სისტემით) მეტად მატების არდაშვება წარმოადგენდა ინდუსტრიულ ეპოქამდელ მაჩვენებელთან შედარებით. შეთანხმება ძალაში 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა.


