Accentnews.ge
საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს

საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს

09/08/2021 09:46:46 მსოფლიო

საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ყველაზე სახიფათო მდგომარეობა ათენის ჩრდილოეთით და კუნძულ ევიაზეა.

ათენის ჩრდილოეთით ტყის მასივში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. კვამლი ათენის მიმართულებით გადაადგილდება.

გუშინ საღამოს ევაკუაცია განხორციელდა კუნძულ ევიას 4 სოფლიდან.

საბერძნეთის კუნძულ ზაკინთოსზე სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მფრინავი გადარჩა. კატასტროფის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთმა ტყის ხანძრების ქრობის პროცესში დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. ამჟამად ათენს ცეცხლის ქრობის სამუშაოებში დაახლოებით 20 ქვეყანა ეხმარება.

სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. მეორე მსხვერპლი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კონსტანტინო მიხალოსია, რომელიც ერთ–ერთ ქარხანაში დამწვარი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი.

ხანძარი პირველად 31 ივლისს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარე პელოპონესში, ტყეში გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლს ამ დრომდე მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დამწვარია ათასობით ჰექტარი ფართობი, სახლები, ავტომობილები, ფერმები, თავლები და ზეთისხილის ბაღები.

ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

"თუ ვინმეს ჯერ კიდევ აინტერესებს, არის თუ არა კლიმატის ცვლილება რეალობა, აქ მოვიდეს, რომ დაინახოს ამ ფენომენის ინტენსივობა", – აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.

ხელისუფლება ხანძრებს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებს. თუმცა გუშინ საბერძნეთში 3 პირი დააკავეს. მათგან ორს ტყეებში ცეცხლის განზრახ გაჩენას ედავებიან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს და საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ზედმიწევნით გაითვალისწინონ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები.

როგორც დიპლომატირუი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793.

“ძვირფასო თანამემამულეებო! არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები:

მოერიდეთ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. მოერიდეთ არამიზნობრივ გადაადგილებას. თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793. შეგახსენებთ აგრეთვე შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სასწრაფო დახმარება - 166“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S