გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც თურქეთს ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ეხმარებიან
09/08/2021 06:37:38 მსოფლიო
გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც თურქეთს ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ეხმარებიან. როგორც თურქული მედია იუწყება, აღნიშნული სახელმწიფოების რიგებს ამჯერად ქუვეითი შეუერთდა.
მისი ინფორმაციით, გუშინ ქუვეითმა თურქეთში მეხანძრეთა ჯგუფი გაგზავნა.
ქვეყნები, რომლებიც თურქეთს ხანძრის ქრობის პროცესში ეხმარებიან.
- აზერბაიჯანი – აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე ეთიბარ მირზაევი ჩავიდა თურქეთის მუღლას პროვინციაში მეხანძრე– მაშველთა 350–კაციანი გუნდით, 53 სახანძრო მანქანით, ვერტმფრენით, 11–კაციანი სპეცჯგუფით, ორი წყლის ავზითა და სახანძრო თვითმფრინავით.
- ევროკავშირი – მას შემდეგ რაც თურქეთმა ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა, ხორვატიამ ქვეყანაში ერთი სპეცთვითმფრინავი გაგზავნა. ხოლო ესპანეთმა – 2 სპეცთვითმფრინავი და მეხანძრეთა 27–კაციანი ჯგუფი.
- ირანი – ირანმა თურქეთში ერთი სპეცთვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი გაგზავნა.
- კატარი – ქვეყანა თურქეთს ცეცხლის ქრობაში მეხანძრეთა 66–კაციანი ჯგუფით ეხმარება.
- რუსეთი – რუსეთმა თურქეთში 5 სპეცთვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და ორი წყლის ავზი გაგზავნა.
- უკრაინა – უკრაინამ თურქეთში 3 სპეცთვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და ერთი წყლის ავზი გაგზავნა.
- ჩრდილოეთ კვიპროსი – იგი ანკარას 21 მეხანძრითა და 7 სახანძრო მანქანით ეხმარება.
მე–13 დღეა, თურქეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. როგორც თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლმა განაცხადა, 28 ივლისიდან დღემდე ცეცხლის 217 კერა კონტროლის ქვეშ მოაქციეს და ამ დროისთვის ხანძრის 6 კერა რჩება აქტიური.
![]()
ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.


