"ბიბლიური კატასტროფა" საბერძნეთში – ათენს ტყის ხანძრების ქრობის პროცესში 14 ქვეყანა ეხმარება
08/08/2021 08:30:08 მსოფლიო
მე–10 დღეა, საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ყველაზე სახიფათო მდგომარეობა ათენის ჩრდილოეთით და კუნძულ ევიაზეა.

ხელისუფლებამ დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოსახლეობა მასობრივად გაიყვანა. გუშინ საღამოს ევაკუაცია განხორციელდა კუნძულ ევიას რიგი სოფლებიდან.

"ამჟამად სრულ მზადყოფნაშია 10 გემი. ისინი ევიას ჩრდილოეთ ნაწილთან ახლოს მდებარე ზღვისპირა კურორტ პეფკში არიან განთავსებუნი. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, მეტი მგზავრისა და ტურისტის ევაკუაცია განვახორციელოთ", – განაცხადა ერთ–ერთმა ოფიციალურმა პირმა The Associated Press–სთან საუბრისას.
პარალელურად, ათენის ჩრდილოეთით მდებარე პარნიტას მთაზე მდებარე ტყეები კვლავ იწვის. მეხანძრეები იმედოვნებენ, რომ ცეცხლის კონტროლს დღეს მოახერხებენ. ამ ხანძრიდან კვამლი ათენის მიმართულებით ვრცელდება. ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" ნომერი გამოაქვეყნა მოქალაქეებისთვის, რომელთაც სუნთქვის პრობლემები აქვთ.

პელოპონესში მდებარე მანის რაიონის მერის მოადგილემ ელენი დრაკოულაკოუმ განაცხადა, რომ ცეცხლმა მუნიციპალიტეტის დაახლოებით 70% გაანადგურა.
"ეს არის "ბიბლიური კატასტროფა", – დასძინა მან.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი პირობას დებს, რომ მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების უზრუნველყოფა იქნება:
"როდესაც ეს კოშმარული ზაფხული დასრულდება, ჩვენ მთელ ყურადღებას დაზარალებულთა დახმარებასა და და ჩვენი ბუნების კვლავ აღდგენაზე გადავიტანთ".
სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. მეორე მსხვერპლი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კონსტანტინო მიხალოსია, რომელიც ერთ–ერთ ქარხანაში დამწვარი იპოვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი.
ვინ ეხმარება საბერძნეთს ხანძრების ქრობის პროცესში

საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა. ქვეყანაში მეხანძრეები და სპეცთვითმფრინავები გაიგზავნა საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, კვიპროსიდან, ხორვატიიდან, შვედეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
გუშინ გერმანიის ქალაქ ბონიდან ათენის მიმართულებით 52 მეხანძრე და 17 სახანძრო მანქანა, ხოლო ჰესენიდან 64 მეხანძრე და 27 სახანძრო მანქანა გაიგზავნა.
გარდა ამისა, გუშინ ჩეხეთიდან ათენის მიმართულებით 36 მეხანძრე და 15 სახანძრო მანქანა გამოემართა.
ამასთან, ეგვიპტემ განაცხადა, რომ საბერძნეთში 2 სპეცთვითმფრინავს გააგზავნის.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი

ხელისუფლება ხანძრებს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებს. თუმცა გუშინ საბერძნეთში 3 პირი დააკავეს. მათგან ორს ტყეებში ცეცხლის განზრახ გაჩენას ედავებიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს და საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხანძარი პირველად 31 ივლისს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარე პელოპონესში, ტყეში გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლს ამ დრომდე მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დამწვარია ათასობით ჰექტარი ფართობი, სახლები, ავტომობილები, ფერმები, თავლები და ზეთისხილის ბაღები.
ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
"თუ ვინმეს ჯერ კიდევ აინტერესებს, არის თუ არა კლიმატის ცვლილება რეალობა, აქ მოვიდეს, რომ დაინახოს ამ ფენომენის ინტენსივობა", – აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.
საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ზედმიწევნით გაითვალისწინონ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები.
როგორც დიპლომატირუი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793.
“ძვირფასო თანამემამულეებო! არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები:
მოერიდეთ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. მოერიდეთ არამიზნობრივ გადაადგილებას. თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793. შეგახსენებთ აგრეთვე შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სასწრაფო დახმარება - 166“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


