მსხვერპლი და ათენის ჩრდილოეთ ნაწილიდან ევაკუირებული მოსახლეობა – რა ხდება საბერძნეთში
07/08/2021 06:38:09 მსოფლიო
მე–10 დღეა, საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. 38 წლის მეხანძრე ელექტროგადამცემი ბოძის ჩამოვარდნის შედეგად დედაქალაქის გარეუბანში დაიღუპა. მეორე მსხვერპლი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი კონსტანტინო მიხალოსია, რომელიც ერთ–ერთ ქარხანაში დამწვარი იპოვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი.

პარასკევს საღამოს ძლიერი ქარის გამო ცეცხლი განსაკუთრებით გააქტიურდა ათენის მახლობლად. ხელისუფლებამ დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოსახლეობა მასობრივად გაიყვანა.
ამ დროისთვის ყველაზე სახიფათო მდგომარეობაა ათენის ჩრდილოეთით. ხანძარი ასევე მძვინვარებს ახლომდებარე კუნძულ ევიაზე და ოლიმპიური თამაშების სამშობლო ძველ ოლიმპიასთან ახლოს. კუნძულ ევიადან ადგილობრივები და ტურისტები ბორნებისა და ნავების გამოყენებით გაიყვანეს.


ცეცხლმა სახლები, ავტომობილები და ბიზნეს ობიექტები გაანადგურა.
საბერძნეთის დასახმარებლად მეხანძრეები და სპეცთვითმფრინავები იგზავნება სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან და აშშ-დან.

ხანძარი პირველად 31 ივლისს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარე პელოპონესში, ტყეში გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლს ამ დრომდე მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დამწვარია ათასობით ჰექტარი ფართობი, სახლები, ავტომობილები, ფერმები, თავლები და ზეთისხილის ბაღები.
ხელისუფლება ხანძრის გაჩენის მიზეზად კლიმატის ცვლილებებს ასახელებს.
ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
"თუ ვინმეს ჯერ კიდევ აინტერესებს, არის თუ არა კლიმატის ცვლილება რეალობა, აქ მოვიდეს, რომ დაინახოს ამ ფენომენის ინტენსივობა", – აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.

ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ზედმიწევნით გაითვალისწინონ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები.
როგორც დიპლომატირუი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793.
“ძვირფასო თანამემამულეებო! არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები:
მოერიდეთ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. მოერიდეთ არამიზნობრივ გადაადგილებას. თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793. შეგახსენებთ აგრეთვე შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სასწრაფო დახმარება - 166“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


