თურქეთში ტყის ხანძრის დროს გადარჩენილი ცხოველთა ნაწილი მეპატრონეებს უბრუნდება
06/08/2021 19:23:39 მსოფლიო
თურქეთში ტყის ხანძრებმა ადამიანების გარდა, ცხოველებიც იმსხვერპლა. ცეცხლისა და კვამლით მოწამვლის შედეგად ცხვრები, ძროხები, კატები, ძაღლები და სხვა ცხოველები დაიღუპნენ.
ამ ტრაგედიის ფონზე თურქული მედია ცხოველების ისტორიებზეც იუწყება, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ და მოგვიანებით, მეპატრონეები მოძებნეს.
როგორც ქალაქ მანავგატში მცხოვრები სერჩან ბაიარმა ჰყვება, მისი სახლი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა. მისი თქმით, უზომო სიხარული განიცადა, როდესაც ხანძრიდან მე–4 დღეს მისი გაუჩინარებული ძაღლი სახლში დაბრუნდა.
"ხანძრის შემდეგ პირველ დღეს ჩემი თხა დაბრუნდა, მეორე დღეს – ძროხები და მეოთხე დღეს – ჩემი ძაღლი სახელად "ასლანი". ამ ხნის განმავლობაში "ასლანს" ყველგან ვეძებდი. შინისკენ მომავალი რომ დავინახე, თვალებს არ დავუჯერე. ერთ საათზე მეტხანს ვტიროდი", – აცხადებს ბაიარმა.
![]()
მანავგატის კიდევ ერთი მკვიდრი ბირგულ ონური ჰყვება, რომ მისი კატების უმეტესობა ცეცხლმა შეიწირა:
"მყავდა 30 -ზე მეტი კატა. ყველა მათგანი ქუჩაში ვიპოვე, წამოვიყვანე და გავზარდე. მე ისინი ძალიან მიყვარდა. მხოლოდ 4 გადარჩა".
თურქეთში მე–10 დღეა ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება.
ოფიციალური ინფორმაციით, 10 დღის განმავლობაში ქვეყნის 40–მდე პროვინციაში ხანძრის დაახლოებით 190 კერა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა ცეცხლის 12 კერა კვლავ აქტიურია.

ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.


