ევროპა საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩასაქრობად დამატებით ძალებს აგზავნის
06/08/2021 10:36:13 მსოფლიო
ევროპა საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩასაქრობად დამატებით ძალებს აგზავნის.

საფრანგეთიდან საბერძნეთში ტყის ხანძრების ქრობის პროცესში დახმარების აღმოჩენის მიზნით ათობით მეხანძრე ჩავიდა.
ამასთან, პარიზი ათენს 2 სპეცთვითმფრინავითაც დაეხმარება.
საბერძნეთი დახმარებას ელოდება შვედეთიდან, ავსტრიასა და ბულგარეთიდან.
მე–9 დღეა, საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლი უძველესი ოლიმპიური თამაშების ადგილს – ოლიმპიას უახლოვდება.

ხელისუფლებამ ოლიმპიის მახლობლად ხანძრის ქრობის პროცესი მაქსიმალურად გაააქტიურა. ადგილზე როგორც სპეცთვითმფრინავები და ვერტმფრენები, ისე ცოცხალი ძალა მუშაობს.
ამასთან, ათენის შემოგარენში ძლიერი ხანძრის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა.
ხანძრის კერებია საბერძნეთის სხვა ნაწილშიც. კერძოდ, მოსახლეობა ევაკუირებულია პელოპონესის რეგიონის სანაპირო რაიონებიდან, ასევე ხანძარია კუნძულებზე – ევიასა და კოსზე.
ხანძარი პირველად 31 ივლისს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარე პელოპონესში, ტყეში გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლს ამ დრომდე მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დამწვარია ათასობით ჰექტარი ფართობი, სახლები, ავტომობილები, ფერმები, თავლები და ზეთისხილის ბაღები.
ხელისუფლება ხანძრის გაჩენის მიზეზად კლიმატის ცვლილებებს ასახელებს.
ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
"თუ ვინმეს ჯერ კიდევ აინტერესებს, არის თუ არა კლიმატის ცვლილება რეალობა, აქ მოვიდეს, რომ დაინახოს ამ ფენომენის ინტენსივობა", – აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.
ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთში ხანძრის 100–ზე მეტი კერა გაჩნდა, მათი უმეტესობა მეხანძრეებმა ჩააქრეს, თუმცა ცეცხლის სრულად ლიკვიდირება ძლიერი ქარისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ვერ ხერხდება.
საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ზედმიწევნით გაითვალისწინონ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები.
როგორც დიპლომატირუი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793.
“ძვირფასო თანამემამულეებო! არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები:
მოერიდეთ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. მოერიდეთ არამიზნობრივ გადაადგილებას. თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს "ცხელი ხაზი" 6995779793. შეგახსენებთ აგრეთვე შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სასწრაფო დახმარება - 166“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


