CNN- აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შესწავლილი ვირუსების გენეტიკური მონაცემები მოიპოვეს
06/08/2021 09:08:24 მსოფლიო
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შესწავლილი ვირუსების გენეტიკური მონაცემები მოიპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როდის და როგორ მოიპოვა ამერიკულმა დაზვერვამ აღნიშნული მონაცემები, ტელეკომპანია CNN არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს უჰანის ლაბორატორიის კვლევებთან დაკავშირებული სერვერების გატეხვის შედეგად მოხდა. წყაროების ინფორმაციით, ამჟამად აშშ უჰანის ლაბორატორიაში შესწავლილი 22 000 ვირუსის შესახებ ინფორმაციას ფლობს.
გენეტიკური ინფორმაციის მასივი ფრთხილ ანალიზს მოითხოვს, რათა რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება გახდეს შესაძლებელი. ასეთი სამუშაო აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებში, სუპერკომპიუტერების დახმარებით ხორციელდება. ამ სამუშაოების დასრულების ზუსტი ვადები ჯერ–ჯერობით დადგენილი არ არის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა რესპუბლიკელებმა COVID-19-ის ლაბორატორიული წარმოშობა დაადგინეს.
COVID-19-ის პანდემია ჩინეთის ვუჰანის ლაბორატორიიდან გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსის გაჟონვის შედეგად დაიწყო, - ნათქვამია, The Hill-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ მომზადებულ საგამოძიებო მოხსენებაში.
მისი ავტორის, კონგრესმენ მაიკლ მაკკოლის განცხადებით, ლაბორატორია პროფილაქტიკური ზომების განსასაზღვრად ვირუსის მუტაციებს უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით იკვლევდა.
გარდა ამისა, მოხსენების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირდა და არა ნოემბერში.
მაკკოლმა ახალი სანქციების დაწესება მოითხოვა ვუჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიისა და ჩინეთის კომპარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც, გამოძიების მასალების თანახმად, პანდემიასთან ბრძოლას ხელს უშლიდნენ.
მიმდინარე წლის მაისში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაზვერვას COVID-19-ის წარმომავლობის შესახებ მონაცემები მოსთხოვა და ამ საქმეში ჩინური ლაბორატორიის როლის დასადგენად სამი თვე მისცა.
2021 წლის დასაწყისში ვუჰანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) ექსპერტები ჩავიდნენ, მოკვლევა ჩაატარეს და მივიდნენ ანალოგიურ დასკვნამდე, რომ COVID-19-ის წარმოქმნის ყველაზე მეტად სავარაუდო ვერსია ცხოველიდან ადამიანზე გადაცემაა.
პეკინმა კორონავირუსისა და მისი ლაბორატორიული წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მალვასთან დაკავშირებული ყველა ბრალდება უარყო და ჯანმო-ს გამოძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
პანდემიის დაწყების მომენტიდან მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 200 მლნ ადამიანი დაინფიცირდა და 4 მილიონზე მეტი დაიღუპა.


