თურქეთში მე–10 დღეა, ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება - რომელი ქვეყნები ეხმარებიან ანკარას ცეცხლის ქრობაში
06/08/2021 05:56:46 მსოფლიო
თურქეთში მე–10 დღეა ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება.
![]()
ოფიციალური ინფორმაციით, 10 დღის განმავლობაში ქვეყნის 40–მდე პროვინციაში ხანძრის დაახლოებით 190 კერა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა ცეცხლის 12 კერა კვლავ აქტიურია.

პარალელურად, იზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც თურქეთს ხანძრის ქრობის პროცესში ეხმარებიან.
- აზერბაიჯანი – აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე ეთიბარ მირზაევი ჩავიდა თურქეთის მუღლას პროვინციაში მეხანძრე– მაშველთა 350–კაციანი გუნდით, 53 სახანძრო მანქანით, ვერტმფრენით, 11–კაციანი სპეცჯგუფით, ორი წყლის ავზითა და სახანძრო თვითმფრინავით.
- ევროკავშირი – მას შემდეგ რაც თურქეთმა ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა, ხორვატიამ ქვეყანაში ერთი სპეცთვითმფრინავი გაგზავნა. ხოლო ესპანეთმა – 2 სპეცთვითმფრინავი და მეხანძრეთა 27–კაციანი ჯგუფი.
- ირანი – ირანმა თურქეთში ერთი სპეცთვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი გაგზავნა.
- კატარი – ქვეყანა თურქეთს ცეცხლის ქრობაში მეხანძრეთა 66–კაციანი ჯგუფით ეხმარება.
- რუსეთი – რუსეთმა თურქეთში 5 სპეცთვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და ორი წყლის ავზი გაგზავნა.
- უკრაინა – უკრაინამ თურქეთში 3 სპეცთვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და ერთი წყლის ავზი გაგზავნა.
- ჩრდილოეთ კვიპროსი – იგი ანკარას 21 მეხანძრითა და 7 სახანძრო მანქანით ეხმარება.
ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.


