მსჯავრდებულებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება
05/08/2021 17:42:45 საზოგადოება, რეკლამა
დღეს იუსტიციის სამინისტროში, მსჯავრდებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. ეს სიახლე ასევე, მსჯავრდებულებს შესაძლებლობას მისცემს კარიერა სწორად დაგეგმონ და შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა ლომუაშვილმა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გუგა მირიანაშვილმა მოაწერეს.


