კულუმბეგოვი – პანდემიის მართვაზე: „ჩემთვის სამაგალითოა აზერბაიჯანი“
05/08/2021 13:55:48 საზოგადოება
საქართველოში კოონავირუსის მორიგ ჯერზე ფართოდ გავრცელების და კლინიკებში პაციენტების მაღალი მიმარგვიანობის ფონზე, სპეციალისტები ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. ამ კუთხით კითხვის ნიშნები აქვს ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს.
"არ ვიცი, პანდემიის რა ტიპის მართვასთან გვაქვს საქმე. კითხვის ნიშნები არსებობს და პასუხები არ გაგვაჩნია. არის სრულიად ასინქრონული, არასისტემური მართვის პრინციპი. რაღაც ეტაპზე ერთს ვიყენებდით, შემდეგ მეორეზე გადავედით, სადღაც დერეგულაცია მოხდა, ჯარიმები ყველას ჩამოვაწერეთ, თითქოს დამთავრდა პანდემია. იმას ვიმკით ახლა რასაც ვიმსახურებთ"-განაცხადა "დღის კურიერში" კულუმბეგოვმა.
იმუნოლოგის აზრით, კოვიდპანდემიასთან ბრძოლის კუთხით სომხეთი და აზერბაიჯანი მისაბაძი ქვეყნებია.
"მე ვემხრობი, რასაც ჩვენი სამხრეთის მეზობლები – სომხეთი და აზერბაიჯანი აკეთებენ. ჩემთვის სამაგალითოა აზერბაიჯანი, ვაქცინაციის მაქსიმალური პროცენტული მოცვა და ჯერ კიდევ ზომიერი, არადრაკონული შეზღუდვების შენარჩუნება. ამიტომ, ამ ქვეყნებში, 200 და 300 შემთხვევაა დღეში, სულ რამოდენიმე ადამიანის გარდაცვალება ყოველდღიურად. ჩვენ ბუნებრივია, ვირუსს ვერ გავანულებთ, გამორიცხულია, მაგრამ გეგმაზომიერი დერეგულაცია, პროპორციულად ვაქცინაციის პროცენტის გაზრდის,"- განაცხადა კულუმბეგოვმა და დასძინა, რომ ვაქცინაციის პროცესი დაგვინდა და ვირუსთან ქვეყანა ხელშიშველი, მოსახლეობის თვითშეგნების იმედად დარჩა.
ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა და კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური ნამატი 4 000–ს ასცდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ მსგავსი ტენდენციის გაუარესების შემთხვევაში, აგვიტოში ყველა მაჩვენებელი გაუარესდება და გაორმაგდება გარდაცვალების შემთხვევებიც. ამასთან, მთავარ გამოსავლად კვლავ ვაქცინაცია და პირბადის ტარება, მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება რჩება, რათა შემოდგომისთვის მოსახლეობაში გარკვეული იმუნური ფენა შეიქმნას და მძიმე დანაკარგებით არ შევხვდეთ მორიგ ტალღას.


