"სამედიცინო პერსონალის 46% ერთჯერადად არის აცრილი"
05/08/2021 10:24:54 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის 46% ერთჯერადად არის აცრილი.
"71 ათასი ადამიანი გვყავს ბაზაში, სადაც არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, ანუ უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ასევე ადმინისტრაციული, ვინც მუშაობენ საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში. 46% არის ერთჯერადად აცრილი, აქედან ყველაზე მეტი არის ექიმი და ეს გასაგებიც არის, რადგან ექიმები კარგად აღიქვამენ, თუ რა მნიშვნელობა და დაცვა აქვს აცრას. იმ ბაზაში მყოფი ექიმების 64% ერთჯერადი აცრით აცრილია, შემდეგ მოდის არასამედიცინო პერსონალი 45%, ექთნები 34% და ყველაზე ნაკლები გვაქვს 21% უმცროსი სამედიცინო პერსონალი, სანიტრებს რომ ვეძახით. ამიტომ, აქ რა თქმა უნდა მეტი მუშაობაა საჭირო იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი მაგალითია ყველასთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ექიმების მხრიდან ანტივაქსერული მოწოდებები "ჰიპოკრატეს ფიცის" დარღვევაა:
"ეს არის ჩვენი, ექიმთა ეთიკური კოდექსის დარღვევა, ანუ იმ ფიცის, რასაც ჩვენ ვდებთ, როდესაც ვამთავრებთ სამედიცინო ინსტიტუტს, "ჰიპოკრატეს ფიცს" რასაც ეძახიან. [...] ყველამ კარგად იცის, რომ აცრა, ვაქცინა და იმუნიზაცია შედის ყველაზე დიდ სამ აღმოჩენას შორის მედიცინაში, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა და კიდევ დაიცავს მილიონობით ადამიანს".


