"ბოლო 24 საათში ყველაზე მაღალი იყო აცრების რაოდენობა"
05/08/2021 09:37:51 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ყველაზე მაღალი აცრების რაოდენობა იყო.
"ინტენსიურად გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა, გუშინ დაახლოებით 19 ათასი ჯავშანი გაიხსნა „ფაიზერზე“, უდიდესი ნაწილი თბილისში, რადგან თბილისზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია.ბოლო 24 საათში ასევე ყველაზე მაღალი იყო აცრების რაოდენობა, 20 850 აცრა ჩატარდა, რაც ძალიან იმედის მომცემი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად აქტიური გახდება ვაქცინაციის პროგრამა“,-განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 6886 საწოლი, მათგან ჰოსპიტალში 6219 პაციენტი იმყოფება, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში არის 269 პაციენტი.
„28 ათამდე ადამიანი ბინაზე მკურნალობას აგრძელებს და ნაწილი რჩება კოვიდ სასტუმროებში. კოვიდ სასტუმროების მობილიზება გრძელდება", – აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, საწოლების მობილიზების კუთხით რესურსი ჯერჯერობით ისევ არის:
„კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს. ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო მუშაობს ასევე ალტერნატიული გეგმაზეც, რისი დეტალებიც დაზუსტდება. არ არის საუბარი იმაზე, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს, ეს ამბავი ნამდვილად არ იქნება. რესურსი ჯერჯერობით საწოლების მობილიზების კუთხით კიდევ არის, დაახლოებით 8 000 საწოლია, რომელიც შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ. დამატებითი მობილიზება იქნება საწოლფონდის და ასევე სასტუმრო საწოლების“.


