ლაშა ტალახაძე და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გულშემატკივარს სთხოვენ, ეპიდვითარების გამო აეროპორტში დახვედრისგან თავი შეიკავონ
05/08/2021 09:26:15 საზოგადოება
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული გართულებული ეპიდვითარების გამო გულშემატკივარს სთხოვს, აეროპორტში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის დახვედრისგან თავი შეიკავონ.
ექიმის თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძეც მის პოზიციას იზიარებს. ამასთან დაკავშირებით, ჭინჭარაული "ფეისბუქ-პოსტს" აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოგეხსენებათ დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ. ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენთაგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას.
ახლა მთავარი! ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი. გპასუხობთ: ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდსიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი რომ გიხარიათ, ვიცი რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ...
დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას ! მადლობა გულშემატკივრობისათვის“.
ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. იგი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი.
ოქროს მედალთან ერთად ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში მან 223 კილოგრამი ასწია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 265 კილოგრამი დაძლია და ამ კუთხითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მან ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
ტოკიო-2020-ის დასრულებამდე სამი დღით ადრე საქართველოს ანგარიშზე შვიდი მედალია: ლაშა ტალახაძისა და ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ოქროები, ასევე ძიუდოისტების - ვაჟა მარგველაშვილის, ლაშა შავდათუაშვილისა და გურამ თუშიშვილის - და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ვერცხლები და ძალოსან ანტონ პლესნოის ბრინჯაო.


