რა წერია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ რიგით მეოთხე ანგარიშში საქართველოს შესახებ
05/08/2021 05:11:04 პოლიტიკა
ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ რიგით მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმოხილულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესასრულებლად საქართველოს მიერ მიღებული კანონები და გადაწყვეტილებები, ასევე ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა.
"საქართველო, საერთო ჯამში, აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომებიც კომისიის წინა რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, შემდგომი ძალისხმევაა საჭირო წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მინიჭების უსაფუძვლო აპლიკაციების საკითხის გადასაჭრელად, ისევე როგორც ფულის გათეთრების, კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულის პრევენციისა და ბრძოლის წინააღმდეგ სფეროებში", – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც სასამართლოს ეხება და რეფორმის მეოთხე ტალღის ზოგიერთ დეტალს აღწერს, ხაზგასმულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 12 ივლისს, უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნა ეწინააღმდეგება ევროკავშირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს:
„2020 წლის 30 სექტემბერს და 2021 წლის პირველ აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. ევროკავშირის რეკომენდაციების შემდეგ, საქართველომ მოითხოვა ვენეციის კომისიის ფაქტობრივი შეფასება. 2021 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშვნის ძველი სისტემით, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რჩევებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ უსაფრთხოების სფეროში:
„საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას ევროპოლთან და ევროიუსტთან და ჩართულია ერთობლივ აქტივობებში რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან".
დოკუმენტის თანახმად, წევრი ქვეყნები ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხში კარგ თანამშრომლობას:
„ამ მხრივ, პანდემიის დროს განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა, კარგად დამკვიდრებული რეადმისიის საქმის მართვის სისტემა“.
ანგარიში მოიცავს შემდეგ რეკომენდაციებს:
- საქართველომ აქტიურად უნდა განაგრძოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მიღების უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის მოგვარება და უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია მოარგოს მიგრანტების შესაბამის პროფილებს.
- საქართველომ უნდა გაზარდოს ანტიკორუფციული დაწესებულებების და სამართალდამცავი ორგანობის ეფექტიანობა, რათა უკეთესად იყოს განხილული მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და უზრუნველყოფილი იყოს ყველა ასეთი შემთხვევის გამოძიება.
- საქართველომ უნდა დაასრულოს უზენაესი სასამართლოს რეფორმა და მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა სრულად შეუსაბამოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს.
- საქართველომ უნდა დაასრულოს პროკურატურის რეფორმა, მათ შორის გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით.
- საქართველომ უნდა დაასრულოს ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და ჰქონდეს სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე.
- საქართველომ უნდა გააგრძელოს ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და ამგვარ დანაშაულთან ბრძოლა, კერძოდ, უკანონო საქმიანობით მიღებული შემოსავლების ლეგალიზების წინააღმდეგ და ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა.
საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის მარტიდან სარგებლობს. ქვეყანას ეკისრება კონკრეტული ვალდებულებები, რომელთა შესრულებას ევროკომისია აკვირდება და პერიოდულად ანგარიშებს აქვეყნებს.


