"საქართველოში "დელტა პლუსის" 10 შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევების 80% კი უკვე "დელტაა"
04/08/2021 16:00:15 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმაძნაძის ინფორმაციით, საქართველოში "დელტა პლუსის" 10 შემთხვევა ფიქსირდება.
"თბილისსა და ბათუმში დადასტურებული შემთხვევებიდან, თითქმის ყველა "დელტა" შტამია, ხოლო საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, აქტიური შემთხვევებიდან 80 % "დელტა" არის ყველგან, ხოლო ქვეყანაში "დელტა პლუსის" 10 შემთხვევა ფიქსირდება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, "დელტასა" და "დელტა პლუს" შტამებს შორის დიდი განსხვავება არ არის და ერთი მუტაციით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ცნობისთვის: გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დაფიქსირებულია 3 000-მდე შემთხვევა, როცა მოქალაქეები დაგეგმილ ვიზიტებზე არ მივიდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, მეორე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა ნამატი 4 000–ს სცდება. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა,1934 პირი გამოჯანმრთელდა– იუწყება NCDC. გასული დღე–ღამის განმავლობაში 45 229 ტესტი ჩატარდა.
3 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი, გარდაიცვალა 34 ადამიანი.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 432 903 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 390 827 პირი გამოჯანმრთელდა, 5 948 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 542 639 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 852.


