ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადა ოქროს მედლითა და სამი მსოფლიო რეკორდით დაასრულა
04/08/2021 12:37:36 საზოგადოება
ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. იგი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი.
ოქროს მედალთან ერთად ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში მან 223 კილოგრამი ასწია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 265 კილოგრამი დაძლია და ამ კუთხითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მან ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
ტოკიო-2020-ის დასრულებამდე სამი დღით ადრე საქართველოს ანგარიშზე შვიდი მედალია: ლაშა ტალახაძისა და ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ოქროები, ასევე ძიუდოისტების - ვაჟა მარგველაშვილის, ლაშა შავდათუაშვილისა და გურამ თუშიშვილის - და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ვერცხლები და ძალოსან ანტონ პლესნოის ბრინჯაო.


