მმართველი გუნდის რეაქცია პრეზიდენტის განცხადებაზე: "დაბალანსება აკლდა"
04/08/2021 09:28:46 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი დოკუმენტის „ქართული ოცნების“ მხრიდან ანულირებაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ოპოზიციურ სპექტრში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, ნაწილის აზრით, ეს „საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგია“, ნაწილი ამბობს, რომ „ჩასაძირად განწირული გემიდან ყველა გარბის“, ხოლო ნაწილის შეფასებით, ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გაგრძელებაა, ილუზიის შექმნის მცდელობა, თითქოს ქვეყანაში დემოკრატიული, მმართველი გუნდის ზეგავლენისგან თავისუფალი ინსტიტუტები არსებობენ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მათი ხედვით, პრეზიდენტის ტექსტში სწორი აქცენტებიც დაისვა, ეს ვითარებას ჯამში არ ცვლის.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველი გუნდის რიგი წევრების მხრიდან ზომიერი კრიტიკა ისმის.
„მე ვისურვებდი, რომ ქალბატონ პრეზიდენტს უფრო მეტი აქცენტირება გაეკეთებინა მიშელის დოკუმენტზე არმომწერი რადიკალების მისამართითაც. ჩვენ, რეალურად, ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ მომხდარიყო ესკალაციის შემცირება. მათ შორის, ხელწერა, ამ რეფორმებზე, რაც დოკუმენტში აისახა, რადიკალურ ოპოზიციას ჰქონოდა ჩართულობის მეტი ხარისხი. ჩვენ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ, თუმცა რადიკალურ ოპოზიციაზე განცხადება, ალბათ, არ აწყენდა და უფრო დაბალანსებულად წარმოჩნდებოდა“,– განაცხადა თემის კომენტირებისას ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით კი პრეზიდენტი ცდილობს, საკუთარ თავზე ზეპარტიული ფუნქცია აიღოს და ეს ლოგიკურია, თუმცა მისი გუშინდელი განცხადების შინაარსი გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს.
როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, მას არ ჰგონია, რომ სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, მათ შორის განსაკუთრებით ის გარემოება, რომ ითქვა, თითქოს, ოპოზიცია პარლამენტში ოპოზიცია შევიდა, კონსტრუქციულად მუშაობდა და მოწმენდილ ცაზე მეხივით იყო გადაწყვეტილება მიღებული ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.
„რეალურად, ეს ასე არ არის. ვფიქრობ, რომ ლოგიკური იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ამ გარემოების მხედველობაში მიღებით შეაფასებდა მოვლენებს. ზოგადად, მისი მხრიდან გულის დაწყვეტა გასაგებია, რადგან დოკუმენტის თავდაპირველი ფუნქცია კარგი ინიციატივა იყო, მაგრამ მოგვიანებით რა ფორმა მიიღო, როგორი იყო ცალკეული პარტიების დამოკიდებულება, სრულიად განსხვავდებოდა იმ პათოსისგან, რასაც ეფუძნებოდა 19 აპრილის შეთანხმება და ბუნებრივია, ამას მხედველობაში მიღება სჭირდებოდა. მგონია, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესაძლებლობები ამოწურულია. თუ შეგიძლიათ, თქვათ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები კონსტრუქციული გახადა დოკუმენტმა და პოლარიზაციის ხარისხის შემცირება შევძელით, მაშინ, შეგვიძლია, ლოგიკა გავაგრძელოთ, მაგრამ ეს ასე არ იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატი “ქართული ოცნებიდან" გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას დაბალანსება აკლდა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა იმაზე, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ენმ-მ არ მოაწერა ხელი:
“განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, ვინაიდან, გასვლა ამ შეთანხმებიდან ერთია, რასაც საკმაოდ სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს. და მეორეა, როცა ამ შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები რაზეც პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა, ჩემი აზრით”, – აცხადებს გია ვოლსკი.


