"საკუთარ თავს და სიტყვას უნდა ვცემდეთ პატივს" – პრეზიდენტი "ოცნებას" მიშელის დოკუმენტის ანულირების გამო აკრიტიკებს
03/08/2021 16:38:13 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო დღეს გზაგასაყარზე დგას, როგორც არაერთხელ, თავისი ისტორიის განმავლობაში. ამ კონტექსტი მან ვაქცინაცია და საქართველოს ევროინტეგრაცია ახსენა.
„დღეს საქართველო მწვავე გამოწვევის წინაშეა: ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც პიროვნული არჩევანია, მათი ქცევა საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, ნაცნობს, მეზობელს და ამ პატარა ქვეყნის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, მომავალს. ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე",– განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ევროპულ გზას, ზურაბიშვილი განცხადებით, ეს ჭეშმარიტი გზაა და ამ დამოკიდებულებას იზიარებდნენ ჩვენი წინაპრები. მათ შორის ახსენა მან ილია ჭავჭავაძე და განმარტა, რომ მათი დამოკიდებულება განპირობებული იყო არა იმით, რომ „უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, საკუთარ მეობას არ იცავდნენ, ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ედარდებოდათ, არამედ, ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკურ–სოციალური განვითარების მოდელს, როგორც მოკავშირეს, ალტერნატივა არ გააჩნია“:
“მცდელობები, რომ მავანმა დაგვაჯერონ, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, არამედ გარყვნილობის გზაა, სწორედ რომ ჩვენ ერთადერთ პერსპექტივასთან დაშორებას ემსახურება. და გვესმის, ეს ვის ინტერესშია. ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ქვეყნის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ. პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანას ისე გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, როგორც საკუთარ სახეს და სახელს ვიცავთ, რადგან ვერავინ დაგვამციროს. ჩვენ უცხოეთისგან მოვითხოვთ პატივისცემას და გვაღიზიანებს ხოლმე მათი მითითებები, კრიტიკა, თუ გახშირებული შენიშვნები. იმისთვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, (ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველო ამას განვლილ გზით იმსახურებს), თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და სიტყვას პატივს. ესე იგი, ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვების და შენარჩუნების წინაპირობა. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწროპარტიული მიზნების მისაღწევად არ ვეწეოდეთ სადისკრედიტაციო კამპანიას. სამარცხვინოა, როცა შენივე მოქალაქეები აქტიურობენ, რათა შენი ქვეყნის სახე შეახონ, ან მოითხოვონ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობა არ უნდა ნიშნავდეს იზოლაციონიზმს, რადგან მარტოდ დარჩენილი, დასუსტებული მყისვე ხდები იმის სამიზნე, ვისაც ჰქონდა და აქვს სწრაფვა გაფართოებისა და შენი დამორჩილებისკენ.
პრეზიდენტი ამბობს, რომ რეგიონში და მსოფლიოში არსებული ვითარება საქართველოში უნდა ესმოდეთ, ეს ესმოდათ წინაპრებს და მოიყვანეს დღემდე ქვეყანა „რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე: ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, განვითარების საფუძველი და უალტერნატივო გზა დეოკუპაციისკენ“.
მისი თქმით, პრეზიდენტ მიშელის ჩართულობით მომზადებული დოკუმენტი რეალური ხიდია საქართველოსა და ევროკავშირს შორის:
„ეს უნდა გვესმოდეს, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ. პირადად მე ერთგვარ პასუხისმგებლობას ვიღებ და ვამაყობ, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას, როდესაც ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, მაგრამ ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც მხარეებს შორის იყო შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე. თუმცა, დღეს პოსტ–ფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცეები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა, დააზიანოს, გაუგებარია. მე წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც ამ დოკუმენტის უკან დგას, მიზნები, რომელსაც ეს დოკუმენტი ისახავს, პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა“.
პრეზიდენტი იზიარებს დამოკიდებულებას, რომ დოკუმენტმა პირველადი დანიშნულება შეასრულა, კრიზისი დასრულდა, სტაბილურობა გამყარდა, პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა, თუმცა არ იზიარებს მმართველი გუნდის პოზიციას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა. ამასთან, აღნიშნა, რომ მოახლოებული არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, რაც გამორიცხავს სიძულვილის ენას, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიკ–ნიუსების გავრცელებას:
„ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ყველა ჩვენი პარტნიორი და მათ მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნა უნდა ვთხოვოთ. ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანო არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება ვერც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. ამისთვის ჩამოვედი საქართველოში და ვიქნები აქ“.


