Accentnews.ge
"ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ათენს გადამწყვეტი საათები ელის" –  საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

"ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ათენს გადამწყვეტი საათები ელის" –  საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

04/08/2021 09:00:15 მსოფლიო

31 ივლისიდან დღემდე საბერძნეთში სტიქიას ებრძვიან. წუხელ ათენის შემოგარენში ძლიერი ხანძრის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა.

სახანძრო ეკიპაჟები კარდაკარ დადიოდნენ, რათა მოსახლეობა დროულად გაეფრთხილებინათ და ევაკუაცია განეხორცილებინათ.

მთავრობამ ადგილობრივები ტექსტური შეტყობინებითაც გააფრთხილა.

ხანძრისგან დაზარალებული მოსახლეობა სასტუმროებში გადაიყვანეს.

"ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ათენს გადამწყვეტი საათები ელის. ხანძარი ძალიან საშიშია და ის ძლიერდება ძლიერი ქარისა და სიცხის გამო", – განაცხადა საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოს ჰარდალიასმა.

ათენის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში სამ ლოკაციაზე გაჩენილ ხანძარს 500 მეხანძრე აქრობს. ოპერაციაში ჩართულია 18 თვითმფრინავი და 150 სახანძრო მანქანა.

ოფიციალური ინფორმაციით, ათენში სამშაბათს ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევდა. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ჰაერის მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.

”იმის გამო, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა გაგრძელდება უახლოეს დღეებშიც, გთხოვთ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი აქტივობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცეცხლი”, – მიმართა მოსახლეობას ნიკოს ჰარდალიასმა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰაერის რეკორდულად ძლიერი სიცხეა.

ხანძრის კერებია საბერძნეთის სხვა ნაწილშიც. კერძოდ, მოსახლეობა ევაკუირებულია პელოპონესის რეგიონის სანაპირო რაიონებიდან, ასევე ხანძარია კუნძულებზე – ევიასა და კოსზე.

ხანძარი პირველად 31 ივლისს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარე პელოპონესში, ტყეში გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლს ამ დრომდე მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დამწვარია ათასობით ჰექტარი ფართობი, სახლები, ავტომობილები, ფერმები, თავლები და ზეთისხილის ბაღები.

ხელისუფლება ხანძრის გაჩენის მიზეზად კლიმატის ცვლილებებს ასახელებს.

საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებულ ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებს და მოუწოდებს, საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს დაემორჩილონ.

„ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარები და ფანჯრები.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S