მოქალაქეთა ნაწილს საბანკო სესხი გაუძვირდება
04/08/2021 08:40:14 ეკონომიკა
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით 10%-მდე გაზარდა. ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
"ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 2021 წლის 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღე 10%-ით განისაზღვრება.
ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი - 11.9% შეადგინა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელი ფაქტორები ძირითადად ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელია. მათგან მთავარი მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასებია. გარდა ამისა მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასებმა, რაც იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.
ივლისის მონაცემებით იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.4 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდას (7.2 პროცენტი). ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე რიგი კვების პროდუქტების ფასების გარკვეული შემცირება შეინიშნება და აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზეც პოზიტიურად უნდა აისახოს.
ადგილობრივი ერთჯერადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია კომუნალური გადასახადები, რამაც წლიურ ინფლაციაში 1.7 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ზემოაღნიშნულ დროებით ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შიდა მოთხოვნაც - ეკონომიკურმა ზრდამ წლის პირველ ნახევარში 12.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის ზრდის პროგნოზმა 8.5 პროცენტამდე მოიმატა. ამასთან, ფისკალური სტიმულის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, დაკრედიტების არსებული ტემპი სასურველზე მაღალია. განახლებული მონაცემებით, ინფლაციის მოკლევადიანი პროგნოზი წინა პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია და, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 9 პროცენტზე მაღალი იქნება.
იმისათვის, რომ დროებითი ფაქტორების შედეგად ფასების ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანად არ მოახდინოს გავლენა, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას. ამგვარი პოლიტიკით და ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.
საგარეო მოთხოვნა ზრდას განაგრძობს, თუმცა, ჯამურად - ტურიზმის გათვალისწინებით - პანდემიამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, შემცირებული რჩება. წინასწარი მონაცემებით, ივნისში საქონლის ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 13 პროცენტით აჭარბებს. საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი ივნისში წლიურად 11-ჯერ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება 64 პროცენტია. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, ივნისში 37 პროცენტიანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს დაახლოებით 13 პროცენტით აღემატება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს", - განაცხადა გვენეტაძემ.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 15 სექტემბერს ჩატარდება.
"140 100 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით გაეზრდება"
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 140 100 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე გაიზარდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7825.4 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6800 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 7677.3 მილიონიდან 7825.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 140 100 ხელშეკრულებიდან 45 400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1 005 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობთ 13.90% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი ივლისის მონაცემებით 60300 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.54%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2868.1 მილიონი ლარია. 30 400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ივნისთან შედარებით 900-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 3779 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1154.9 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.36%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 2624 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13.32%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.2 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 21.13%-ში გაასესხეს. ასევე, გაცემულია 3 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 101.2 მილიონი ლარია.
პირველი ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.3%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 21.72%.
პირველი ივლისის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 20.49%-დან 21.72% -მდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა.
„ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა რაც ბოლო წლების რეკორდია და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია. ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთს და 9.5%-დან 10%-მდე ზრდის. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა. თუმცა, სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2021-ის წლიური ინფლაცია 9%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება. მეორე მხრივ, ექვსი თვის ეკონომიკური ზრდა წინასწარი მონაცემით 12.7 %-ია, რაც შიდა ერთობლივი მოთხოვნის საკმაოდ გააქტიურენაზე მიუთითებს, რისი ინდიკატორიც გაზრდილი იმპორტია. ასევე არსებული ფისკალური სტიმულიც გავლენას ახდენს ინფლაციაზე. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, იზრდება ტურიზმიდან მიღბული შემოსავლები, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც. თუმცა, აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციის მაჩვენებელთან“, – ნათქვამია განცხადებაში.


