Accentnews.ge
ერდოღანმა ისრაელსა და საბერძნეთს დახმარებაზე უარი განუცხადა

ერდოღანმა ისრაელსა და საბერძნეთს დახმარებაზე უარი განუცხადა

04/08/2021 07:54:02 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელსა და საბერძნეთს დახმარებაზე უარი განუცხადა.

კერძოდ, ისრაელმა და საბერძნეთმა თურქეთს ტყის ხანძრების ქრობის პროცესში სპეცთვითმფრინავებით დახმარება შესთავაზეს. თუმცა ანკარამ მათი შეთავაზება უარყო. მიზეზად "სპეცთვითმფრინავების არასათანადო მოცულობის ავზი" დასახელდა.

მე–9 დღეა, თურქეთის სამხრეთ და სახმრეთ–დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრებს ებრძვიან. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ცეცხლი უფრო და უფრო მეტ დასახლებულ პუნქტში ვრცელდება. კერძოდ, დღეს დილით ხანძარი ბოდრუმის ოლქის ოთხ დასახლებაში გავრცელდა, სასწრაფოდ განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია.

თურქული მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ცეცხლის ქრობის პროცესში ჯარისკაცების ჩართვაც დააანონსა.

რაც შეეხება ქალაქ მილასში მდებარე თბოელექტროსადგურს, ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ხანძარს სადგურამდე ჯერ–ჯერობით არ მიუღწევია.

ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში. რაც შეეხება დაშავებულებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეტინ კოჩას განცხადებით, ამ ეტაპზე მუღლაში 36 ადამიანი და ანტალიაში 11 პირი საავადმყოფოებში მკურნალობენ ხანძართან დაკავშირებული დაზიანებების გამო.

ქვეყნის სამხრეთ და სახმრეთ–დასავლეთ ნაწილში ცეცხლმა გაანადგურა მათ შორის, სახლები, ავტომობილები ფერმები და მოსავალი. სასტუმროებიდან განხორციელდა ტურისტთა ევაკუაციაც.

ადგილობრივი ფერმერები მსხვილფეხა პირუტყვის გადარჩენას ნახირის სანაპიროებთან​ გადარეკვით ცდილობს.

ოფიციალური ინფორმაციით, 8 დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, ქვეყნის 38 პროვინციაში მეხანძრეებმა ცეცხლის 152 კერა ჩააქრეს, თუმცა, მინიმუმ, 10 კერა კვლავ აქტიურია.ცეცხლის ქრობის პროცესში თურქეთს ევროკავშირიც ეხმარება. კერძოდ გუშინ ანკარას დასახმარებლად 3 სპეცთვითმფრინავი გაიგზავნა. მანამდე, ანკარას დასახმარებლად თვითმფრინავები და მაშველები გაგზავნეს უკრაინამ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.

ამ დროისთვის ხანძრების ქრობაში 16 სპეცთვითმფრინავი, 9 უპილოტო საფრენი აპარატი, 51 ვერტმფრენი, 1000–მდე სახანძრო მანქანა და 5200 მეხანძრეა ჩართული.

სპეციალისტები განცხადებით, თურქეთი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის.

თურქეთის რამდენიმე ქალაქში ჰაერის 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის გამო ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, რამაც ორშაბათს ანკარასა და სტამბულში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა. .

ცეცხლი პირველად, 28 ივლისს თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ანტალიის პროვინციაში მდებარე ტყის მასივში გაჩნდა. ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო ქალაქ მანავგატშიც გავრცელდა. ცეცხლმა გაანადგურა უამრავი შენობა და ავტომობილი.

29 ივლისის დილით ტყის ხანძრის კიდევ ერთი კერა ანტალიის პროვინციის აკსეკის რეგიონში გაჩნდა. მოგვიანებით, ხანძარი 16 ლოკაციაზე, მათ შორის გავრცელდა იქმელერის რეგიონში, რომელიც კურორტ მარმარისთან მდებარეობს. 29 ივლისს ტყის ხანძარი ტურისტულ ზონას მიუახლოვდა, რის გამოც ორი სასტუმროდან და ოთხი ვილიდან დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით, იმავე დღეს ცეცხლი მიუახლოვდა ქალაქ ბოდრუმთან მდებარე კურორტ გუვერჩინლიკში განთავსებულ სასტუმროს, რომლის ევაკუაციაც სასწრაფოდ განხორციელდა.

მოგვიანებით, ცეცხლი ტურისტულ ზონებსაც მიუახლოვდა და ბოდრუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ევაკუაცია განხორციელდა.

1 აგვისტოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტიქიის ზონაში ჩავიდა. იგი მანავგატში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს შეხვდა. ამასთან, მან ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტი მარმარისი მოინახულა. ქვეყნის პრეზიდენტმა დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის განზრახ გაჩენა დადასტურდება.

ამასთან, მან საბოტაჟის ვერსია არ გამორიცხა:

"ჩვენ გვაშფოთებს საბოტაჟის ეჭვი. თუ არიან მოღალატეები, რომლებიც ისე შორს წავიდნენ, რომ ჩვენი ქვეყნა ცეცხლის ალში გახვიეს, ჩვენი მოვალეობაა მათი დაკავება და იმის უზრუნველყოფა, რომ უმკაცრესად დაისაჯონ".

როგორც თურქული მედია იუწყება, 2019 წელს "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" (PKK) დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა თურქეთის დასავლეთში, ჩრდილო–დასავლეთსა და სამხრეთში გაჩენილ ტყის ხანძრებზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 8 დღის განმავლობაში მეხანძრეებმა ქვეყნის 30 პროვინციაში გაჩენილი 129 ცეცხლის კერა ჩააქრეს. თუმცა ხანძრის აქტიური კერები კვლავ რჩება და მათ ჩაქრობას ხელს ქალი და უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა უშლის.

თურქეთში მძვინვარე ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს.

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

თურქეთის რესაპუბლიკის მუღლასა და ანტალიის რეგიონები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ტყის ხანძრების გამო, გამოცხადებულია სტიქიური უბედურების ზონებად.

შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს მითითებულ ნომრებზე:

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 312 491 80 30; +90 312 491 80 34; +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S