საპატრიარქო – ხელოვნების მუზეუმზე: "საეკლესიო საგანძურის ნაწილი ჯანაშიას მუზეუმში გადავა"
03/08/2021 14:40:54 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან საეკლესიო ექსპონატთა ნაწილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადავა.
მეორე ნაწილი კი შალვა ამირანაშვილის მუზეუმის მომიჯნავე შენობაში გადავა, რომელსაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები სჭირდება. საპატრიარქო წერს, რომ ამ საკითხზე შეხვედრა კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან უკვე გაიმართა.
„ა.წ. 2 აგვისტოს შედგა შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, ეპისკოპოს ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის. განხილულ იქნა შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი. მეუფე ვახტანგმა მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებაში.
დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი სივრცე: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის მომიჯნავედ აგებული შენობა, რომელიც საჭიროებს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საეკლესიო საგანძურის განსათავსებლად გამზადებული საგამოფენო დარბაზი და ფონდსაცავი,“ – წერია განცხადებაში.
საპატრიარქო ასევე წერს, რომ „გამოითქვა იმედი, რომ, ურთიერთთანამშრომლობით და კვალიფიციური მიდგომის შესაბამისად, იქნება დაცული, როგორც საეკლესიო საგანძური, ისე ხელოვნების სხვა ფასდაუდებელი ნიმუშები“.
წულუკიანმა დღეს განაცხადა, რომ ექსპონატების განთავსების ადგილი 6 აგვისტოს გახდება ცნობილი. 5 აგვისტოდან ეროვნულ მუზეუმთან აქციბი იგეგმება.
გარდა ამისა, ილია მეორემ პრემიერს და კულტურის მინისტრს თხოვნით მიმართა, "ანჩისხატი" ეკლესიას გადაეცეს. წლებია, საპატრიარქოს მსგავსი მოთხოვნა აქვს, თუმცა ხელისუფლება ამ დრომდე თავს იკავებდა.


