თურქეთში ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ევროკავშირიც ჩაერთო – უკონტროლო ცეცხლი თბოელექტროსადგურს უახლოვდება
03/08/2021 13:58:28 მსოფლიო
მე–8 დღეა, თურქეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.
როგორც მილასის მერმა მუჰამედ ტოკატმა განაცხადა, დღეს უკონტროლო ცეცხლმა კრიტიკული წერტილი გაიარა და ქალაქში მდებარე თბოელექტროსადგურს უახლოვდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ევროკავშირიც ჩაერთო – ქვეყანაში 3 სპეცთვითმფრინავი გაიგზავნა. მანამდე, ანკარას დასახმარებლად თვითმფრინავები და მაშველები გაგზავნეს უკრაინამ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.

ამასთან, თურქეთის რამდენიმე ქალაქში ჰაერის 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის გამო ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, რამაც ორშაბათს ანკარასა და სტამბულში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა. .
სპეციალისტები განცხადებით, თურქეთი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის.
ცეცხლი პირველად, 28 ივლისს თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ანტალიის პროვინციაში მდებარე ტყის მასივში გაჩნდა. ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო ქალაქ მანავგატშიც გავრცელდა. ცეცხლმა გაანადგურა უამრავი შენობა და ავტომობილი.
29 ივლისის დილით ტყის ხანძრის კიდევ ერთი კერა ანტალიის პროვინციის აკსეკის რეგიონში გაჩნდა. მოგვიანებით, ხანძარი 16 ლოკაციაზე, მათ შორის გავრცელდა იქმელერის რეგიონში, რომელიც კურორტ მარმარისთან მდებარეობს. 29 ივლისს ტყის ხანძარი ტურისტულ ზონას მიუახლოვდა, რის გამოც ორი სასტუმროდან და ოთხი ვილიდან დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით, იმავე დღეს ცეცხლი მიუახლოვდა ქალაქ ბოდრუმთან მდებარე კურორტ გუვერჩინლიკში განთავსებულ სასტუმროს, რომლის ევაკუაციაც სასწრაფოდ განხორციელდა.

მოგვიანებით, ცეცხლი ტურისტულ ზონებსაც მიუახლოვდა და ბოდრუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ევაკუაცია განხორციელდა.
1 აგვისტოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტიქიის ზონაში ჩავიდა. იგი მანავგატში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს შეხვდა. ამასთან, მან ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტი მარმარისი მოინახულა. ქვეყნის პრეზიდენტმა დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის განზრახ გაჩენა დადასტურდება.
.jpg)
ამასთან, მან საბოტაჟის ვერსია არ გამორიცხა:
"ჩვენ გვაშფოთებს საბოტაჟის ეჭვი. თუ არიან მოღალატეები, რომლებიც ისე შორს წავიდნენ, რომ ჩვენი ქვეყნა ცეცხლის ალში გახვიეს, ჩვენი მოვალეობაა მათი დაკავება და იმის უზრუნველყოფა, რომ უმკაცრესად დაისაჯონ".
როგორც თურქული მედია იუწყება, 2019 წელს "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" (PKK) დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა თურქეთის დასავლეთში, ჩრდილო–დასავლეთსა და სამხრეთში გაჩენილ ტყის ხანძრებზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 8 დღის განმავლობაში მეხანძრეებმა ქვეყნის 30 პროვინციაში გაჩენილი 129 ცეცხლის კერა ჩააქრეს. თუმცა ხანძრის აქტიური კერები კვლავ რჩება და მათ ჩაქრობას ხელს ქალი და უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა უშლის.
![]()
თურქეთში მძვინვარე ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს.
"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
თურქეთის რესაპუბლიკის მუღლასა და ანტალიის რეგიონები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ტყის ხანძრების გამო, გამოცხადებულია სტიქიური უბედურების ზონებად.
შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს მითითებულ ნომრებზე:
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 312 491 80 30; +90 312 491 80 34; +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


