„გვარი დამიბრუნე“ – აზერბაიჯანული თემის ინიციატივა დაარეგისტრირა
03/08/2021 12:36:24 საზოგადოება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს აზერბაიჯანული თემის საინიციატივო ჯგუფის ინიციატივის რეგისტრაციას, რომელიც სურვილის შემთხვევაში, გვარებიდან რუსული დაბოლოებების (ოვ, ევ და სხვა) ამოღების შესაძლებლობას იძლევა.
პარლამენტის პრეს–სამსახურის მიერ მომზადებული პრესრელიზის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჯგუფი იქმნება საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მიერ, რომელთაც სურთ საკუთარი თავდაპირველი, ავთენტური გვარების აღდგენა და არაავთენტური სუფიქსების ჩამოშორება, რისთვისაც საჭიროა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა“.
ინიციატორია პლატფორმა „სალამი“. „სალამის“ განცხადებით, 2 აგვისტოდან 45 დღის განმავლობაში ორგანიზაცია 25 000 ხელმოწერას შეაგროვებს, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში.
„უახლოეს დღეებში პლატფორმა #სალამ-ი დაიწყებს კარდაკარებს და სოფლებში ვიზიტებს ხემოწერების მოგროვების მიზნით. სურვილის შემთხვევაში, მოხალისეებს შეუძლიათ, შემოგვიერთდნენ სალამის ოფისში ან/და რეგიონებში“, – წერს „სალამი“ „ფეისბუკზე“.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების ნაწილს უკვე დიდი ხანია, სურს, რომ მათ გვარებს ჩამოშორდეს რუსული დაბოლოება. შესაბამისი კამპანია – „გვარი დამიბრუნე“ 2020 წლის დასაწყისში წამოიწყო.


