მსხვერპლი, 503 დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრული საქმე და 60–მდე დაშავებული პოლიციელი – ბერლინში ანტივაქსერულმა მოძრაობამ კოვიდ–რეგულაციები გააპროტესტა
03/08/2021 12:00:31 მსოფლიო
აკრძალვის მიუხედავად, ბერლინში ანტივაქსერული მოძრაობის 5000–მდე დემონსტრანტმა კოვიდ–რეგულაციები გააპროტესტა. ქუჩებში მათი მსვლელობები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დემონსტრანტები არ ემორჩილებოდნენ დაშლის მოთხოვნას, სამართალდამცველების მიერ დადგმული ბარიერების გარღვევას ცდილობდნენ და პოლიციას თავს ესხმოდნენ.
მისივე ცნობით, პოლიციას დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდა ერთ–ერთი დემონსტრანტი, რომელიც აცხადებდა, რომ მკერდში ტკივილს განიცდიდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, მისი ვინაობის დოკუმენტების გადამოწმების დროს 48 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა, მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, მოგვიანებით, კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი გულის შეტევის შედეგად დაიღუპა. რაც შეეხება დაშავებული დემონსტრანტების რაოდენობას, მათი ზუსტი რიცხი უცნობია.

მისივე ცნობით, დაპირისპირების დროს დაშავდა 60–მდე პოლიციელი. სამართალდამცველებმა აქციის 1000–მდე მონაწილე დააკავეს.

საქმე აღძრულია 503 დემონსტრანტის წინააღმდეგ, მათგან 59 ეხება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და 43 – სამართალდამცველებზე თავდასხმას.
ბერლინში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორი Querdenker იყო.
რა არის Querdenker?

Querdenker გერმანიაში მოქმედი ე.წ. კოვიდ-დისიდენტების მოძრაობაა. რომლის წარმომადგენლები თავს უწოდებენ არასტანდარტულად მოაზროვნეებს.
მას მონიტორინგს უწევს ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოები, რადგან მათი ცნობით, Querdenker–ს ულტრამემარჯვენე და ექსტრემისტულ ჯგუფებთან აქვს კავშირი.
მოძრაობაში გაერთიანებული ადამიანები, მათ შორის ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციასა და კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს.
გერმანიამ კოვიდ–რეგულაციების უმეტესობა დიდი ხნის წინ შეამსუბუქა, თუმცა ამ დრომდე ძალაში რჩება დახურულ სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება. ამასთან, პირები, რომელთაც სურთ, საკვების რესტორნებში მირთმევა და სასტუმროებში დარჩენა, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.
ცნობისთვის: გერმანიაში ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უმეტესობაში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი ("დელტა" ) ცირკულირებს. სექტემბრიდან გერმანია მოქალაქეთა ნაწილს, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მესამე დოზა ვაქცინას ( "ბუსტერ"–დოზა) შესთავაზებს.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, "ბუსტერ" –დოზა "მოდერნას" ან "ფაიზერის" ვაქცინა იქნება.
მისივე ცნობით, სექტემბრიდან ქვეყანაში 12 წელს გადაცილებული მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება.
სადღეისოდ გერმანიაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული და დაახლოებით 62%–ს ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს.


