"არასწორია რუსეთის ელჩის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 24-მა რუსმა დიპლომატმა აშშ 3 სექტემბრამდე უნდა დატოვოს"
03/08/2021 06:27:53 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი "არასწორს" უწოდებს ქვეყანაში რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომლის თანახმად, 24-მა რუსმა დიპლომატმა შეერთებული შტატები 3 სექტემბრამდე უნდა დატოვოს.
„ელჩ ანტონოვის მიერ სიტუაციის შეფასება არაზუსტია და არასწორია. ეს არის რუსებისთვის ვიზის ვადის სამწლიანი ლიმიტი, აქ ახალი არაფერია. როდესაც ვიზას ვადა ეწურება, როგორც მოსალოდნელია, ამ პირებმა ქვეყანა უნდა დატოვონ ან შეიტანონ განაცხადი გახანგრძლივებაზე“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა.
მანამდე რუსეთის ელჩმა გამოცემა „ნეიშენალ ინტერესტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს გადასცა 24 რუსი დიპლომატისგან შემდგარი სია, რომლებმაც ქვეყანა 3 სექტემბრამდე უნდა დატოვონ, მათი ვიზების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.


