Accentnews.ge
ქალები თავდაცვით საშუალებებზე ფიქრობენ

ქალები თავდაცვით საშუალებებზე ფიქრობენ

02/08/2021 12:44:19 ანალიზი, სამართალი

5–6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების, მასზე ხელისუფლების რეაგირებისა და პოლიტიკური ფიგურების მხრიდან შეფასებებს შემდეგ, პროცესზე დამკვირვებლები ხშირად გამოთქვამდნენ შიშს ძალადობის წახალისებისა და მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, რომელიც უკვე ქუჩებში იჩენდა თავს და რისკის ქვეშ ნებისმიერი მიზეზით უკვე თითოეულ მოქალაქეს დააყენებდა. ავსტრიელი ქალის მკვლელობის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ კი ქალების ნაწილისთვის, რომელთაც სრულფასოვნად ცხოვრება სურთ, მაგრამ დაუცველობის განცდა გაუჩნდათ, თავდაცვითი საშუალებები საკითხი გახდა აქტუალური. სხვადასხვა დახურულ ჯგუფებში იწერება იმგვარი საშუალებების შეძენის აუცილებლობის თაობაზე, როგორიცაა „წიწაკის სპრეი“, „ელექტროშოკის“ და ა.შ. ქალები ერთმანეთს რჩევებს უზიარებენ. მათ შორისსა ჩვენი რესპონდენტიც, რომელმაც საჯაროობისგან თავი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო შეიკავა.

„პანდემიის და ღარიბი ქვეყნის კიდევ უფრო გაღატაკების გამო, შიშით ველოდი შემოდგომის დადგომას: ვფიქრობდი, მოსახლეობას მოსავლის აღების შემდეგ მცირე დოვლათი თუ გაუჩნდებოდა, ყაჩაღობების სერია იქნება–მეთქი, მაგრამ ჩემი განცდები კიდევ უფრო მძაფრი 5 ივლისის მოვლენების შემდეგ გახდა, რადგან ისედაც დრამატულ ვითარებაში ხელისუფლებამ ძალადობა წაახალისა. სწორედ ესაა ყველაზე მძიმე და საშიში, თორემ კრიმინალური ფაქტების შესახებ აქამდეც გვესმოდა. მაშინ პირველად ვიგრძენი შიში, დაუცველობა, ავსტრიელი ქალის მკვლელობამ კი ეს განცდა კიდევ უფრო გამიმძაფრა. უკვე ვერიდები ქუჩაში ტაქსის გაჩერებას, მეტ–ნაკლებად ღირებული სამკაულის ტარებას და მარტო სეირნობასაც კი, რომელიც ამ სტრესულ და პანდემიურ პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვანი განტვირთვა იყო. ნამდვილად არ მსურს, ნებისმიერი მიზეზით თავდასხმის მსხვერპლი გავხდე და შემდეგ ამ ტრავმას ვებრძოლო, ან კიდევ უარესი, მოკლული ქალების მძიმე სტატისტიკის ნაწილად ვიქცე“,– გვიზიარებს საკუთარ განცდებს 33 წლის ნენე და თავდაცვის საშუალებებზე ფიქრობს.

დაუცველობის განცდის შესახებ საუბრობს ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე, გარემოსდამცველი ნატა ფერაძეც და საყურადღებოა, რომ პარალელს საქართველოს უახლესი ისტორიიდან კრიმინალურად ყველაზე მძიმე პერიოდთან ავლებს:

„საბჭოთა დროს და 1990–იანებ–გამოვლილს, პირველად მაქვს შიში და შიში არა მარტო ჩემზე, არამედ ჩემს შვილებზე, ქუჩაში გასვლაზე“.

სამოქალაქო აქტივისტს, ქალთა მოძრაობის წარმომადგენელს, საინფორმაციო პლატფორმის, „ქალები საქართველოდან“ ერთ-ერთ დამფუძნებელ იდა ბახტურიძეს ესმის ქალების, რომლებიც თავს დაუცველად გრძნობენ და ერთმანეთს რჩევებს უზიარებენ, მაგრამ როგორც უფლებადამცველი, ფიქრობს, რომ უპირველესად, სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და ეს პასუხისმგებლობა არ მოვხსნათ, რადგან სწორედ ისეთ ქვეყანაში სურს ცხოვრება, სადაც მათ შორის, ქალები თავდაცვითი საშუალებებით შეიარაღებაზე არ ფიქრობენ და აქეთკენაა მიმართული მისი საქმიანობაც:

„ფემიციდის მაღალი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ ეს როგორც წესი, ხდებოდა ოჯახებში. საქართველო არ გამოირჩეოდა ქუჩაში უცხო პირის მხრიდან თავდასხმის მძიმე ფაქტებით. 5–6 ივლისის მოვლენებისას ძალადობა გასცდა ოჯახს, დახურულ სივრცეს, სადაც მოძალადეები კომფორტულად გრძნობენ თავს და ეს ძალადობის ტალღა ქუჩაში გამოვიდა. როდესაც ვისმენდით ამ მოვლენების პრემიერ–მინისტრისა თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან შეფასებებს, ადამიანის უფლებებზე მომუშავეები, რომლებიც ვხედავთ რეალურ რისკს, ვამბობდით, რომ ამან შესაძლოა, საზოგადოებაში პოლარიზება გააღრმაოს და გამოიწვიოს ძალადობის ფაქტები. გამოძიებამ სწრაფად უნდა გასცეს პასუხი, კონკრეტულად რა მოხდა ავსტრიელი ქალის შემთხვევაში, მაგრამ ბუნებრივია, რომ განსაკუთრებით ქალებს დაგვეუფლა დაუცველობის განცდა: ისედაც ვგრძნობთ წნეხს, ძალადობას საზოგადოებაში ქალების მიმართ და გვაქვს განცდა, რომ ეს შესაძლოა, გამოძახილი იყოს ძალადობისთვის „მწვანე შუქის“ ანთების“.

ძალადობის წახალისების კონტექსტში ბახტურიძე „აქცენტთან“ იხსენებს პარლამენტში მმართველი გუნდის წევრის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტს, როდესაც შალვა პაპუაშვილმა, პირდაპირი მნიშვნელობით, A –დან B პუნქტში „გადადგა“ ქალი კოლეგა და განმარტა, რომ „თინა ბოკუჩავასგან საფრთხე მოდიოდაო“ და უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს პრემიერ–მინისტრის განცხადებაზეც:

„როდესაც თანამდებობის პირები, რომლებიც სტანდარტს უნდა აწესებდნენ ქვეყანაში მათ მიერვე მიღებული კანონების დაცვის, უხეშად არღვევენ, ესეც არის „მწვანე შუქი“, რომ რიგითი მოქალაქე ასევე მოექცეს სხვა ქალებს მათ შორის, ქუჩაში, სახლში, სამსახურში. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ „უმრავლესობის ვნებებით და შეხედულებებით უნდა იმართებოდეს ეს ქვეყანაო“, ვიღაც შესაძლოა, თვლის, რომ სწორედ უმრავლესობა აღიქვამს ქალს ნივთად და შესაბამისადაც უნდა მოექცეს. სწორედ ამიტომაა საშიში ის დამოკიდებულებები, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებისგან მომდინარეობს!“.

ბახტურიძე შიშობს, რომ შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უკანასკნელ წლებში მიაღწია.

„ბოლო წლებში პროგრესი ნამდილად გვქონდა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონმდებლობის, პრაქტიკის და პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით. საქართველო ამ კუთხით ერთ–ერთი მოწინავე იყო ფართო რეგიონის ჭრილში, უახლოვდებოდა დასავლურ სტანდარტებს – პრობლემები რჩბოდა, მაგრამ წინ სწრაფად მივდიოდით. მაგრამ ახლა ნამდვილად გაჩნდა განცდა, რომ ვუბრუნდებით ნიშნულს, როდესაც ქალთა მიმართ ძალადბა თითქოს კვლავ ჩვეულებრივი მოვლენა გახდა განსხვავებით წინა წლებისგან და გაჩნდა საფრთხე, ამ პროგრესს საფრთხე დაემუქროს“– ამბობს ბახტურიძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ფაქტის სწორად შეფასება და აქეკვატური სამართლებრივი რეაგირება.

„ბოლო წლებში პროგრესი ნამდვილად გვქონდა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონმდებლობის, პრაქტიკის და პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით. საქართველო ამ კუთხით ერთ–ერთი მოწინავე იყო ფართო რეგიონის ჭრილში, უახლოვდებოდა დასავლურ სტანდარტებს – პრობლემები რჩებოდა, მაგრამ წინ სწრაფად მივდიოდით. მაგრამ ახლა ნამდვილად გაჩნდა განცდა, რომ ვუბრუნდებით ნიშნულს, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა თითქოს კვლავ ჩვეულებრივი მოვლენა გახდა განსხვავებით წინა წლებისგან და გაჩნდა საფრთხე, ამ პროგრესს საფრთხე დაემუქროს“– ამბობს ბახტურიძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ფაქტის სწორად შეფასება და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S