საკვანძო კომპეტენციებში უფასო სასწავლო კურსების განხორციელება იწყება
02/08/2021 11:19:22 საზოგადოება, რეკლამა
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სამუშაოს მაძიებლებისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იწყებს მოკლევადიან ტრენინგ კურსებს საკვანძო კომპეტენციებში. მოკლევადიანი კურსები წლის ბოლომდე სამ ეტაპად განხორციელდება. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, თელავი.
სასწავლო ტრენინგ კურსი წარიმართება შემდეგი ორი მიმართულებით: პერსონალური და სოციალური კომპეტენცია და ციფრული კომპეტენცია.
საკვანძო კომპეტენციების ტრენინგები განკუთვნილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის. კერძოდ, 16 წლის ასაკიდან დაინტერესებული, შესაბამისი კომპეტენციების ამაღლების საჭიროების მქონე პირთათვის, რომლებსაც შემდგომში ექნებათ შესაძლებლობა გააქტიურდნენ შრომის ბაზარზე.
მოკლევადიან სასწავლო კურსს განახორციელებენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები - ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია” (პერსონალური და სოციალური კომპეტენცია) და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA (ციფრული კომპეტენცია).
აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.
სასწავლო კურსში ჩართვისთვის, სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს, სადაც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მიერ გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია, რის შემდეგ შეძლებს აღნიშნულ კურსებზე ჩართვას.
სააგენტოს სერვისცენტრების მისამართებია:
ქ. თბილისი: ასათიანის 9; მიცკევიჩის 23; სარაჯიშვილის 1; აღმაშენებლის 140 ა; კოსტავას 47/57;
ქ. ბათუმი - ტაბიძის 2 ა;
ქ. ზუგდიდი - აღმაშენებლის 106;
ქ. ქუთაისი - ტაბიძის 40;
ქ. ოზურგეთი - ჭავჭავაძის 19;
ქ. გორი - გმირების 18;
ქ. თელავი - აღმაშენებლის 41.
ქ. რუსთავი - ცურტაველის 5 ა.
*მოკლევადიანი კურსები ხორციელდება „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.
პერსონალური და სოციალური კომპეტენცია გულისხმობს საკუთარ მოქმედებაზე რეფლექსიის, დროისა და ინფორმაციის მართვის, სხვებთან კონსტრუქციულად მუშაობის, მდგრადობის შენარჩუნების, საკუთარი სწავლისა და კარიერის მართვის შესაძლებლობას. უფრო კონკრეტულად, კი ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
სტაბილურობა და გაურკვევლობებისა და სტრესებისადმი გამკლავების შესაძლებლობა; სხვადასხვა გარემოში კონსტრუქციული კომუნიკაცია; გუნდთან თანამშრომლობა და მოლაპარაკების წარმართვა; ტოლერანტობა, განსხვავებული შეხედულებების გამოხატვა და გაგება და სხვა. ზემოაღნიშნული უნარების განვითარება უნდა მოიცავდეს: ძირითად ვერბალურ და წერით სოციალურ უნარებს; რეზიუმესა და სამოტავიციო წერილის შექმნას; ინტერპერსონალურ ურთიერთობების/კომუნიკაციის, მოსმენისა და პრეზენტაციის უნარებს.
ციფრული კომპეტენცია გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლისათვის, შრომით საქმიანობასა და საზოგადოებაში მონაწილეობისათვის. მოიცავს ინფორმაციისა და მონაცემების ცოდნას, ციფრული კონტენტის შექმნას (მათ შორის პროგრამირებას), უსაფრთხოებას, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ კითხვებს, პრობლემის გადაჭრასა და კრიტიკულ აზროვნებას. უფრო კონკრეტულად, ესენია: სხვადასხვა მოწყობილობის, კომპიუტერული პროგრამისა და ქსელის საბაზო ფუნქციების ცოდნა და გამოყენება; ციფრული კონტენტის გამოყენების, წვდომის, გაფილტვრის, შეფასების, შექმნის, პროგრამირებისა და გაზიარების შესაძლებლობას; Microsoft Office-ის, ელექტრონული ფოსტის, Google Drive-ის, ვორქნეთის გამოყენებას და სხვ.


