ლუკაშენკო მზადაა "საჭიროების შემთხვევაში" ბელარუსში რუსეთის ჯარის "დაუყოვნებლივ" შესაყვანად
30/07/2021 12:51:16 მსოფლიო
ბელარუსის ტერიტორიაზე "დაუყოვნებლივ" რუსეთის "მთელი შეიარაღებული ძალების" განთავსებაა შესაძლებელი "შეიარაღების ყველა სახეობით", თუ ეს სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გახდება საჭირო, - განაცხადა დღეს, "БелТА"-ს ცნობით, ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსული სამხედრო ბაზების განთავსების საკითხი პრეზიდენტების დონეზე არასდროს განხილულა.
"ბელარუსის ხელისუფლებას შესაძლებლობა აქვს, უმოკლეს დროში "იარაღის ქვეშ" 500 ათასი ადამიანი დააყენოს. თუ არასაკმარისი იქნება, აქ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოყვანაა შესაძლებელი. ეს არ მოხდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თავს არც ამისგან შევიკავებთ", - აღნიშნა მან.
ლუკაშენკოს ინიციატივის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლისთვის ჯერ მსგავსი წინადადებით მინსკიდან არავის მიუმართავს.
"ბელარუსიდან ჯერ მსგავსი მომართვები არ მიგვიღია, ჯარების განთავსება კი, როგორც იცით, მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობის ოფიციალური მომართვის შემთხვევაშია შესაძლებელი, არსებობს განსაზღვრული პროცედურები, კანონები და უფლებამოსილებები" - განუცხადა "Интерфакс"-ს პესკოვმა.


