"ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდათ სერიოზული გვერდითი რეაქცია, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა სხვა ვაქცინით ჩაიტარონ"
30/07/2021 11:16:42 საზოგადოება
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაუდასტურდათ სერიოზული გვერდითი რეაქცია, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა სხვა ტიპის ვაქცინით გაიკეთონ. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განცხადა.
„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის მიერ გუშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაუდასტურდათ სერიოზული გვერდითი რეაქცია, გვერდითი მოვლენების შემფასებელი იმუნიზაციის ჯგუფის მიერ შეფასების შემდეგ, ექნებათ შესაძლებლობა, მეორე ვაქცინა გაიკეთონ სხვა ტიპის ვაქცინით. გადაწყვეტილება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფმა გუშინ მიიღო, რასაც დღეს იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა “, – განაცხადა ჩხაიძემ.


