მსხვერპლი, დაშავებულები და ევაკუირებული ტურისტები – თურქეთის 13 პროვინციაში ხანძრებს ებრძვიან (ვიდეო)
30/07/2021 08:30:27 მსოფლიო
მესამე დღეა, თურქეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 200 პირი კი დაშავდა, მათგან 60–მდე მოქალაქე კვამლით მოწამვლის სიმპტომებით არიან ჰოსპიტალიზებულნი.
ცეცხლი პირველად, ოთხშაბათს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ანტალიის პროვინციაში მდებარე ტყის მასივში გაჩნდა. ტყეში გაჩენილი ხანძარი ძლიერი ქარის გამო ქალაქ მანავგატშიც გავრცელდა. ცეცხლმა გაანადგურა უამრავი შენობა და ავტომობილი.

ხანძრისგან განადგურებული ქალაქი მანავგატი
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მოსახლეობა ცეცხლმოდებული ქუჩებიდან თავის დაღწევას ცდილობს.

ხუთშაბათ დილით ტყის ხანძრის კიდევ ერთი კერა ანტალიის პროვინციის აკსეკის რეგიონში გაჩნდა. მოგვიანებით, ხანძარი 16 ლოკაციაზე, მათ შორის გავრცელდა იქმელერის რეგიონში, რომელიც კურორტ მარმარისთან მდებარეობს. ტყის ხანძარი ტურისტულ ზონას მიუახლოვდა, რის გამოც გუშინ ორი სასტუმროდან და ოთხი ვილიდან დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო.

გარდა ამისა, ცეცხლი მიუახლოვდა ქალაქ ბოდრუმთან მდებარე კურორტ გუვერჩინლიკში განთავსებულ სასტუმროს, რომლის ევაკუაციაც სასწრაფოდ განხორციელდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთის 81 პროვინციიდან, 13–ში ხანძრის 41 კერას ებრძვიან.

ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბექირ პაკდემირლის განცხადებით, მეხანძრეებმა ცეცხლის კერების უმეტესობის კონტროლი უკვე შეძლეს.
მისივე ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 3 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 458 სახანძრო მანქანა და ათასობით პერსონალია ჩართული.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პირობა დადო.
”ყველა საჭირო დახმარებას გავუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ. ამასთან, ცეცხლის გაჩენის მიზეზს სიღრმისეულად გამოვიძიებთ”, განაცხადა ერდოღანმა.


