Accentnews.ge
რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმა “ლიტერას” ჟიური დატოვეს

რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმა “ლიტერას” ჟიური დატოვეს

29/07/2021 17:38:49 საზოგადოება

მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ჟიური დატოვა. შესაბამისი განცხადება თაბუკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“FB-ში იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და ახლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ. მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა. ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ – ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი. პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი”, – წერს თაბუკაშვილი.

მოგვიანებით, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა მწერალმა ლელა კოდალაშვილმა.

"თავიდან, როცა გავიგე, რომ ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა, ჩემებური უტოპისტური განწყობა ჩამერთო, რომ დანარჩენი 4 წევრი ამ კაცს მოვათვინიერებდით და ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებდით. მთელი სტრატეგია დავსახე, სქემები შევადგინე, რაზე რის მერე უნდა მესაუბრა მასთან, როგორ დამეყოლიებინა, შემება რა... ახლა კი, როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ. თუმცა არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც, რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად..

p.s. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო კონკურსის მონაწილე იმ მწერლებს, რომლებსაც ჩემი ჟიურის წევრად ყოფნა იმედს აძლევდა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ლიტერატურის სასარგებლოდ. და მადლობა მინდა ვუთხრა მწერალთა სახლს - ნატას და ლელას, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ნდობა გამომიცხადეს, რომლის გამართლება სამწუხაროდ არ დამცალდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბოლო-ბოლო ჩვენი გავა და კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლებთ", – წერს კოდალაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: წელს პირველად ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

ლიტერატურული პრემია "ლიტერას" 20-მდე კონკურსანტმა პროტესტის ნიშნად საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნა. ბოიკოტის მიზეზი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და სამინისტროს მიერ ჟიურის ერთი წევრის დანიშვნაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S